ქართული ანდაზები ძაღლზე - გაიხსენეთ სხარტი გამონათქვამები 2018 წლის მთავარ სიმბოლოზე
ქართული ანდაზები ძაღლზე - გაიხსენეთ სხარტი გამონათქვამები 2018 წლის მთავარ სიმბოლოზე
2018 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ყვითელი ძაღლის წელიწადი რომ არის, ამაზე წინასაახალწლოდ ასტროლოგებმა საკმარისად ისაუბრეს და ამ ნიშნის გავლენასა და ტენდენციებზეც გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ამის ფონზე, არც ბიზნესია უკმაყოფილო, წვრილი თუ მსხვილი მეწარმეების მიერ ათასგვარი ძაღლის სიმბოლოა გამოშვებული, რომელიც გაუყიდავი თითქმის არ რჩება.

ძაღლის "განაწყენება" არავის უნდა და ამ ცხოველის სიმბოლოს გარეშე ახალ წელს არავის ხვდება. თუმცა, არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ასტროლოგიას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძაღლს, როგორც ცხოველს, არ სცნობს, ან პატივს არ სცემს. ადამიანმა
ხომ ძაღლი, მისი თვისებიდან გამომდინარე, იმთავითვე დაიმეგობრა?

სავარაუდოდ, აღმოსავლურ ასტროლოგიაშიც ასე აღმოჩნდა ძლიერი, ერთგული, ჭკვიანი
ცხოველი და ადგილიც დაიმკვიდრა. ისიც ცნობილია, რომ მას ქართულ ფოლკლორში და უძველს რწმენა-წარმოდგენებშიც პატივს მიაგებდნენ. ამასთან, ყველა ცხოველს ხომ თავისი ღვთაება ჰყავდა. არსებობდა ძაღლის კულტიც და იმ დონეზე, რომ მათ სახელზე საგანგებო დღეობებიც კი იმართებოდა.

ამ ყველაფრის გავლენაა ალბათ ისიც, რომ ქართულ ანდაზებშიც უხვად მოგვეპოვება ძაღლზე სხარტი გამონათქვამები, რომლებიც, როგორც წესი, რაღაცას გვასწავლის. მაგალითად, ასე:

* ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო - ეს ანდაზა უხეირო ადამიანზეა, რომელიც ცხოვრებაში თავს ვერ იმკვიდრებს. გისურვებთ 2018 წელს საკუთარი ადგილის პოვნა არ გაგჭირვებოდეთ.
* ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევსო.
* ძაღლი ახსენე, ჯოხი ხელში დაიჭირეო.
* ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.
* ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე გაათრიოსო.
* ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო.
* ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვსო.
* ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებო.
* ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო.
* ერთი ძაღლი ორ კურდღელს ვერ დაიჭერსო.
* მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო.
* ყველა ძაღლი თავის კართან მამაციაო.
* მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.
* ამ საქმეს ძაღლის ნაკბენივით არ დაგივიწყებო.
* ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო.
* უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

როგორც ვხედავთ, ძაღლი ქართული ანდაზების არცთუ ხელწამოსაკრავი პერსონაჟია. ვინაიდან ქართველებს ანდაზებით ლაპარაკი ხშირად გვიყვარს, ამიტომ, 2018 წელი ისეთი ყოფილიყოს, ჩვენი ბედისთვის ძაღლს არ დაეყეფოს, არც კატებს ეყეფოთ ძაღლების ნაცვლად, ქარავანს კი ყეფა ნამდვილად სჭირდება, ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა ძაღლი, რომელიც არ ყეფს?! აი, ძაღლის ნაკბენს და ისეთ სიტუაციას, სადაც ძაღლი პატრონს არ სცნობს, ნამდვილად არავის გისურვებთ...

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?