როგორ უნდა დაიცვათ თავი დაავადების გადამტანი მწერებისგან - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
როგორ უნდა დაიცვათ თავი დაავადების გადამტანი მწერებისგან - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
ზაფხულის დადგომასთან ერთად, სიცხეში თავს იჩენს ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც არის დაავადების გადამტანი მწერები. ისინი საშიშია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც.

როგორ უნდა დაიცვათ თავი და რა მოიმოქმედოთ, თუ სხეულზე მწერის ნაკბენი აღმოაჩინეთ - AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს ესაუბრა.

- დაავადებას იწვევს მწერის ორგანიზმში არსებული დაავადების გამომწვევი ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი. დაავადების გადამტანი მწერი შეიძლება იყოს კოღო, ქინქლა, ხშირად არიან ტკიპებიც.

მწერების მიერ ნებისმიერი დაკბენა სასიამოვნო პროცესი არ არის, შეიძლება ორგანიზმში საკმაოდ სერიოზული რეაქცია
გამოიწვიოს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს, რომ ადამიანი მწერებისგან დაკბენას მოერიდოს. ზოგიერთი მწერის ნაკბენი შეიძლება გახდეს
ინფექციური დაავადების გამომწვევი მიზეზი.

- როგორ უნდა დავიცვათ თავი?
- ბავშვების შემთხვევაში სხეული მაქსიმალურად უნდა დავფაროთ, განსაკუთრებით შებინდებულზე, თუ ისინი სახლიდან ქუჩაში გაგვყავს. ეცადეთ, ბავშვებს ღია ფერის ტანსაცმელი ჩააცვათ, სახლში ფანჯრები ბადეებით უნდა იყოს დაცული, რომ მწერი არ შემოფრინდეს. მწერებისგან თავი უნდა დავიცვათ, როგორც ქალაქში, ისე სოფლად.

გარკვეულ რისკს წარმოადგენენ ტკიპები, რომელთანაც კონტაქტი უფრო აქტიური ხდება ხოლმე ტყეში, მინდორში ან პარკში სეირნობისას. ამ შემთხვევაშიც უნდა გვეცვას დახურული ტანსაცმელი და გარემოში ყოფნის მერე ყურადღებით დავათვალიეროთ, როგორც ჩვენი, ისე პატარების სხეულის ზედაპირი.

შემდგომი რეკომენდაცია უკვე ეხება დაავადების თავისებურებებს, რაც შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად, ტკიპის კბენის შემდეგ. თუ შენიშნავთ, რომ ტკიპი დააჯდა ბავშვს, პირველ რიგში, უსაფრთხოდ უნდა მოაშოროთ სხეულიდან. დაკბენიდან პირველი 14 დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ შენიშნავთ უჩვეულო სიმპტომებს, მაგალითად მაღალ ცხელებას, ნაკბენის ადგილზე სიწითლესა და შეშუპებას, დროულად მიმართეთ ექიმს.

ამჟამად, აქტიურად გამოიყენება ე.წ. რეპელენტები, სპეციალური საშუალებები, რომლებიც აფრთხობს მწერს. ის შეიძლება იყოს ზოგადი მოქმედების, ანუ დენის წყაროში შესაერთებელი, ასევე, არსებობს კანზე ან ტანსაცმელზე მისასხურებელი "რეპელენტი" , თუმცა, აქ ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან ადგილობრივი "რეპელენტების" ნაწილი ბავშვებში არ გამოიყენება, ეს კი ინსტრუქციაში მითითებულია.

- ერთ-ერთი ბოლო ვირუსი, რომელიც მსოფლიოში იყო გავრცელებული არის ზიკას ვირუსი, ამ ეტაპზე როგორია პროგნოზი, უნდა ველოდოთ თუ არა ამ ვირუსის კვლავ გააქტიურებას?
- ჯერჯერობით იმ ქვეყნებში, სადაც ზიკას ვირუსი იყო გავრცელებული, მეტნაკლებად შეძლეს ვირუსის კონტროლი. დღეს არსებული ინფორმაციით, საფრთხეები შედარებით შემცირებულია, თუმცა, ზოგადი ღონისძიებების სისტემა, რასაც ქვეყანა ატარებს ამ გადამტანებთან ბრძოლის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, წელსაც გრძელდება.

თეა ბეჟიტაშვილი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?