ბელიაშვილის ქუჩის ძაღლი...
ბელიაშვილის ქუჩის ძაღლი...
სიცოცხლე იმაზე გრძელი ყოფილა, ვიდრე მეგონა…
რომ დავიბადე ვფიქრობდი, ვინ ვიყავი… მერე დედაჩემს ვიღაცამ დაუძახა - "გადი ძაღლოო"... - მას მერე მგონია, რომ ძაღლი ვარ…
პირველად დედის მუცელთან განათდა ყველაფერი… დედა სულ მლოკავდა და მაშინ თბილი რძე მიყვარდა… დრო თუ გადიოდა ვერ ვგრძნობდი.. უსასრულო იყო დრო და ბევრი.. მყოფნიდა… კარგიაო, რომ ამბობენ მზეზე, ალბათ იმიტომ, ცივ ძვლებს რომ ათბობს.. ჰო და მაშინ მზე იყო სულ…
მერე დედა წავიდა.. და-ძმაც.. ალბათ უნდა წასულიყვნენ.. თუ მე წავედი.. მე დავტოვე ისინი ისევე,
როგორც მე მიმატოვეს შვილებმა …
ჯერ პატარას ყურები მიფართხუნებდა და ბაჯბაჯისას თათები მებიჯებოდა..
ერთხელ მახსოვს, ბიჭი დედას როგორ ეხვეწებოდა - სახლში წავიყვანოთ რაო.. ნახე, "ავჩარკაა" დეო..
დედამ გაუღიმა, მოეფერა, ჩაუმუხლა, თვალებში ჩახედა და უთხრა: აბა შეხედე, ეს ქუჩის ძაღლი რად გინდა, ამას დიდი-დიდი ბაბუა ყავდა გერმანული ნაგაზი, ახლა ამის ბეწვები მაკლია.. წამოდი ახლა და თუ კარგად მოიქცევი, რამე ჯიშიანს გიყიდის მამა.. მალამუტს ან რამესო..
წაიყვანა დედამ ჩემგან ბავშვი.. მისი თვალები მახსოვს.. სველი ჰქონდა..
მერე დრო გაიქცა.. არა, მე გავიქეცი და დრო მომსდევდა.. ვერ მივხვდი, რატომ მომსდევდა და უფრო გავიქეცი.. ბევრჯერ წავიქეცი…
მციოდა, მშიოდა, ვჩხუბობდი, გავრბოდი, ქარს ვუსმენდი და ვყნოსავდი.. და სადმე თუ ორფეხები იდგნენ, შორიდან ვუვლიდი.. მატკინეს ბევრჯერ.. სიფრთხილე - სიცოცხლისთვის…
ერთხელ მასე დამიჭირეს, დიდ მოგორავე ყუთში შემაგდეს.. იქ ბევრი იყო ჩემნაირი.. მაჭამეს.. მუცელი მატკინეს.. ყურზე რაღაც დამკიდეს და სადღაც ჩამომსვეს - წადიო ახლა, ძაღლოო...
წავედი..
ჰო და დრო დავკარგე.. რადგან იგივე იყო ყველაფერი.. ცოტა ყური მტკიოდა.. ცოტა გული.. დაღლა რომ შემეპარა, სადაც კარგი სუნი იდგა იქ დავდგებოდი და ვუყურებდი, როგორ ჭამდნენ... ზოგი დამთავრების დროს, ბოლო ლუკმას მესროდა.. ეს თითო ლუკმა მაძლებინებდა, თორემ ცხოვრება უკვე ტვირთად მაწვა.. სიმძიმე მოვიდა…
"დრო გაჩერდეს.. იქნებ გაჩერდეს.." - ხშირად ვნატრობდი. ბავშვობის სითბოს მოგონება ყველაზე მწარეა, როდესაც ძვლებში გტეხს და ფეხებს ძლივს მიათრევ.. როდესაც უბრალოდ სადმე გინდა მიხვიდე და შენი პატარა წილი ლუკმა არ მოგაკლონ.. შენ კი იმხელა სითბო გაქვს შემონახული და გაუცემელი, რომ მზად ხარ შეახტე, ჩაეხუტო და სახე და ხელები აულოკო.. მერე კი შენს პატარა გადახურულ და თბილად დაფენილ სახლში შეხვიდე და დიდხანს დაიძინო.. სანამ ახალგაზრდული სიხარული და ძალა არ დაგიბრუნდება..
სულ მჯეროდა.. აი, მჯეროდა და ასეცაა.. რაც არ უნდა იყოს - ყველგან არის კუთხე, რომელიც მხოლოდ შენია და თუ იპოვე ბედნიერი იქნები.. მე ვიპოვე..
ჰო... მე ის ვიპოვე.. დიდი ხანია უკვე.. იმდენად დიდი, რომ აღარ მცივა.. არც მშია.. არც წყალი მაკლია და ჩემი სახლიც მაქვს.. ორიც კი.. პატრონიც მყავს.. ერთი თეთრი ორფეხა, წვრილი ხმით და ორი კი ბოხი ხმით მეძახიან ხოლმე.. მე მაინც თეთრს დავსდევ.. ის სულ თბილ საჭმელს მაჭმევს და თან ისე მეძახის, ბავშვობა მახსენდება.. სიტკბო..
-რაო "ციგან".. რაო.. ჭამე მიდი, ჭამე.. არ მოგწონს?.. აბა რა მოგწონს.. ბულიონი? .. ახლა ეგ ჭამე და ხვალ მოგიტან.. - რომ მეტყვის, მერე ვფიქრობ რა არის ეს ბულიონი, მაგრამ ვიცი, რომ ასე როცა გავიპრანჭები და დამპირდება - მერე სულ ნაირ-ნაირები მოაქვს და მეც სულ ვეშმაკობ და ვიპრანჭები.. ის მეფერება.. სხვები მელაპარაკებიან და პურს მიგდებენ.. მომიკითხავენ ხოლმე…მიხარია..
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი - ყველაზე ცივი რომელია ნეტა..
მხოლოდ ერთხელ შემეშინდა, როცა უცხოები მოვიდნენ. მომეფერნენ, დამიჭირეს, მიჩხვლიტეს და ისევ, უხმოდ წავიდნენ..
იმიტომ ჩამრჩა ცუდად, რომ მას მერე ჩემს თეთრ გოგოს ისევ უსველდება თვალები ჩემ დანახვაზე, როგორც იმ პატარა ბიჭს - დედამ რომ წაიყვანა ჩემგან..
იმ დღეს სახლში ვიწექი, რომ იქვე, ბოხი ხმით პატრონები ამბობდნენ - აი, რატომ არ სუქდება, ამდენს კი ჭამს სულო.. ნეტა ეგ რა არის - ლეიშმანიოზიო..
მეორე მხრებს იჩეჩავდა - რა ვიცი, მაგრამ ხვალიდან წამლები უნდა დაუწყონ და იქნებ ეშველოს რამე ამ საწყალსო..
სტუმარი…
ცოტა მაღიზიანებენ სტუმრები.. ეჭვიანი გავხდი..მინდა, სულ მე  მეძახდნენ, მიყურებდნენ, მაჭმევდნენ, მეფერებოდნენ…
ჩემნაირებიც სტუმრობენ აქ.. ლედი იყო ერთი, თაფლისფერთვალება, დიდი გაიზარდა და წაიყვანეს ვიღაცეებმა.. ჩემს თეთრ გოგოს უხაროდა..მერე ერთი მშიშარა მოვიდა, ჩემი სიმაღლე იქნებოდა, ოღონდ მოკუნტული, ალბათ სულ ეშინოდა, მაგრამ აქ გაიმართა და ყეფაც კი დაიწყო.. ხათრი მაქვს თეთრი გოგოსი, თორემ ვანახებდი მაგას, რა არის ყეფა.. კიდევ ერთ პატარა ბიჭია, ბიმის ეძახიან.. შავლაქებიანი, კოხტა და მხიარული ბიჭი.. ახლაც ვწევარ და მის ხტუნვას ვუყურებ.. რა კარგია ამ სიცივეში მზე რომ გამოვა…
ის მეორე გოგო როდის მოვა ნეტა.. საჭმელს ისიც მაჭმევს ხოლმე, მუჭით.. ამ ბოლო დროს თეთრი და ეგ ლაპარაკობენ სულ ძილზე, დაძინებაზე... ალბათ რამე კარგი სახლი უნდა გამიკეთონ ცოტა თბილ ადგილას, ტკბილად რომ დავიძინო, თორემ უკვე სულ მეზარება სიარული.. ვერ დავდივარ ალბათ.. ფეხები მებლანდება… როდის სჯობს დაძინებაო? ხვალო, მგონი…ცოტას წავუძინებ ახლა.. ნეტა, მალე მოვიდეს ეს ხვალ… მზესავით ბევრი სითბო და კიდევ სიმშვიდე… დავიღალე...

Zooclub

_ _ _

"ციგანი" ცხოვრებისგან გაწამებული დედალი ძაღლი იყო. არავინ იცის საიდან მივიდა ბირკიანი შარშან, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საწყობის დარაჯთან, საიდანაც არ გააგდეს. მას ერთი წლის განმავლობასი, საჭმელს აძლევდნენ და მკურნალობდნენ. მან ნახა ის სიყვარული და სითბო, რაც აქამდე არასოდეს ენახა და რაც, ალბათ ყველა ძაღლს გააბედნიერებდა. 
"ციგანი" მთელი ეს დრო საეჭვოდ გამხდარი იყო. ანალიზმა ლეიშმანიოზი დაუდგინა. მას 4 თვე მკურნალობდნენ, მაგრამ ამაოდ. ძაღლი დადნა, ბალანი ნელ-ნელა გასცვივდა, სხეული უკვე ძალიან ცუდ სუნს გამოჰყოფდა, ძნელად გადაადგილდებოდა, ბირკიანი ყური, მკურნალობის მიუხედავად, მორჩენის მაგიერ უარესად გაუღიზიანდა. ადამიანებმა ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ "ციგნის" პირველ ნოემბერს დაძინება გადაეყვიტეს.
უცნაური რამ მოხდა - მას წინა დღეს, ერთ-ერთი დიდი მანქანის ქვეშ ჩაეძინა. მან  ავტომობილის ადგილიდან დაძვრა ვერ გაიგო, ვერც ვერავინ შეამჩნია, რომ გამოეყვანათ. ყმუილიც კი არავის გაუგია, რადგან უბრალოდ, უცებ და უხმოდ დაიღუპა..
ძალიან იტირა თეთრმა გოგომ...


რამდენი უსახლკარო ძაღლი ან კატაა ჩვენ გარშემო, რომელთა სიცოცხლე სავსეა სიმწრით, ხოლო ერთგული გული - სიყვარულით.. დაე, მათ თავისი მზის წილი იპოვნონ, თავიანთი ბედნიერება... ჩვენთან ერთად!



თიო ბეგოიძე




ასევე იხილეთ:

ძაღლისა და პატრონის უკანასკნელი გამოსამშვიდობებლი ფოტოსესია

ჩემი მეგობარი ბელიკო

ბოლო სადილი 16 წლის ძაღლისთვის

anonim
მადლობა ავტორს.
oshi
მადლობა სტატიის ავტორს, ნამდვილად ვისიმოვნე ამ სტატიის წაკითხვით..
liza
მე რამოდენიმე აბზაცის მეტი ვერ წავიკითხე, გული მომიკვდა ამას რა წამაკითხებს ბოლომდე, ღმერთმა ამრავლოს ყველა ის ადამიანი ვისაც ცხოველები უყვარს. გუშინ ჩემი პატარა ძაღლი ძაღლების პარკში მყავდა წაყვანილი, ვიღასაც ძალიან აგრესიული პიტბული მოუყვანია (იცის აგრესიული ძაღლის კი არა მისი პატრონის და გაზრდის ბრალია)ისე დაიძაბა სიტუაცუა ამ ორ ძაღლს შორის დავიხარე და ვეცი უცებ ხელში ავიყვანე ჩემი პატარა, ყველა ყვიროდა არ გაინძრეო, ვიფიქრე ძაღლების გამო, მერე მითხრეს თურმე ჩემი უსაფრთხოებისთვის მიყვიროდნენ, რომ დაიხარე სახეს დაგიგლეჯავდაო. მერე გზაში ვფიქრობდი სახე თუ ჩემი ძაღლი? არა ძაღლს ვერ დავაგლეჯინებდი, სახეს არაუშავს როგორმე ამიტანდა ჩემი ქმარი შრამითაც:)
თაკო
ისედაც მოვკვდი ამ ცხოველებზე დარდით, აღარ ვიცი, რომელს დავეხმარო და კიდევ ეს მინდოდა? ვისაც რა უნდა, ის თქვას, ნებისმიერი ძაღლი მირჩვენია, ნებისმიერ ადამიანს!!! მათზე ერთგული, კეთილი და მოსიყვარულე არსებები არ შეუქმნია ღმერთს!!! ვერცერთი ადამიანი ვერ გიერთგულებს ისე, როგორც ნებისმიერი ძაღლი!!!
სტატია არ წამიკითხია. ძალიან მაინტერესებს მაგრამ მაინც... დღეს სამსახურში მივდიოდი შემხვედრმა მანქანამ ძაღლს დაარტყა სანაპიროზე გადარჩა და გამოიქცა მე შემომივარდა, ძლივს დავამურუჭე რო არ გადამევლო, ისევ გადარჩა და გაიქცა. შევწუხდი ძალიან, იქნებ რა უჭირდა. ნუ აიყვანთ ძაღლს და სხვა ცხოველს მოკლე გართობისთვის. მოუარეთ და შეიყვარეთ ცხოველები. ხშირა ჩახედეთ თვალებში ისინიც ისეთივე საყვარლები და გონიერები არიან როგორც ადამიანები, სანამ ცხოველს მიიყვანთ სახლში მანამდე ასჯერ აწონეთ, ბოლომდე უნდა უერთგულოთ. სხვა გზა არ არსებობს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?