"მეგობრები დამცინოდნენ, მთელი ქვეყანა შენი ძაღლის იუბილეს განიხილავსო"
"მეგობრები დამცინოდნენ, მთელი ქვეყანა შენი ძაღლის იუბილეს განიხილავსო"
ორი წლის წინ თბილისში გახსნილი შინაური ცხოველების სასაფლაო ნოუჰაუდ გვეჩვენებოდა. ამჯერად კი გიამბობთ, როგორ გადაუხადა ქუთაისელმა ონისე მელქაძემ თავის ძაღლს დაბადების დღე. "კვირის პალიტრა" ბიმის პატრონს დაუკავშირდა. 

- ბიმი მეგობარმა მაჩუქა, თვის და 10 დღის იყო. თავს ვევლებოდი. პირველი დაბადების დღე რომ გადავუხადე, პატარა ტორტი მქონდა და საჩუქრებიც მოვუტანე: ჯაჭვი, ყელსაბამი, ძაღლის დელიკატესები. მეორე დაბადების დღეზე (საკუთარ სახლში ვცხოვრობ) მეორე სართულზე სასტუმრო ოთახში გავუწყვე სუფრა. მარტო აღვნიშნეთ, მხოლოდ ბიმი და მე ვიყავით.


ბიმი ფრინველზე მონადირე სუფთა სისხლის ინგლისური პოინტერია. არც მცალია,
მაგრამ რომც მეცალოს, არ ვინად­ირებ. მეზობლები სულ მსაყვედურობენ, ამისთანა ჯიშიან ძაღლს რატომ აფუჭებ, ან ვინმეს
მიეცი, ან თავად ანადირეო. რატომ უნდა მივცე, შვილივით ვუვლი.

- მარტო ეს ერთი ძაღლი გყავთ?

- არა. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიმისმაგვარი ჯიშის პოინტერი სამტრედიის ცხოველთა თავშესაფარში იმყოფება, კანის დაავადება აქვს და თუ შეგიძლიათ, მიხედეთო. გავიქეცი, ჩამოვიყვანე ქუთაისის თავშესაფარში და წამლებით ყოველდღიურად ვაკითხავდი. იქ გადავეყარე დედა-შვილს, ვოლიერიდან გამოყვეს თათები და ჩემი ხელი შეითრიეს, მეფერებოდნენ, თითქოს თვალებით მეუბნებოდნენ, წაგვიყვანე აქედანო. ჰოდა, ვეღარ გავუძელი. ორივე იმ იმედით წამოვიყვანე, რომ გავაჩუქებდი. სოც. ქსელის სპეციალურ ჯგუფებში ვწერდი და ლეკვი მალევე წაიყვანეს, დედასაც რომ გამოეხმაურნენ, ვიფიქრე, უკვე დიდია, მონადირე გამოცდის და თუ არ მოეწონება, ისევ ქუჩაში გააგდებს-მეთქი, ამიტომ ვერ გავიმეტე.

ერთხელ ჭიშკართან თეთრი, შავკოპლებიანი ლეკვი შევნიშნე. შემოვიყვანე, ამასაც გავაჩუქებ-მეთქი, მაგრამ ისიც შემრჩა. ჰოდა, ვცხოვრობთ მე, დედა და ეს ძაღლები.­ ეგოისტობენ, მაგრამ არ ჩხუბობენ. ერთი რომ მეფერება, მეორეც მოვარდება, მერე მესამე, თათებით სწევენ ერთმანეთს, ახლა მე მიმიშვიო. 

- იუბილარზე მიამბეთ.

- ძალიან მხიარულია, უყვარს სტუმარი, განსაკუთრებით ბავშვები. 3 წლისა დადინჯდებაო, მაგრამ ისევ ცანცარაა. ადრე გასაშრობად გაფენილ სარეცხს ჩამოგლეჯდა და დაათრევდა მთელ ეზოში, მაგრამ ტყეში სულ სხვანაირად იქცევა. ჯიში რომ მონადირის აქვს, ხასიათი მაინც გამოავლინა: წინ გარბის, რაღაცას ეძებს და დროდადრო უკან იხედება, რომ დამინახოს, ყნოსვით გაგნებს, ვერსად დაემალები.

ერთ-ერთმა ცხოველების მოყვარულთა ჯგუფის წევრმა სოც. ქსელიდან საზღვარგარეთიდან საწვიმარი და თბილი ჩასაცმელი გამოუგზავნა ჩემს ძაღლებს. ერთხელ მაისური დავბეჭდე ბიმის გამოსახულებით, ბიმის კი ჩემი გამოსახულებიანი მაისური ჩავაცვი და დავდიოდით ასე. ზოგს ეცინება, მაგრამ შვილივით მყავს გაზრდილი.

- სოც. ქსელში დაბადების დღის ტორტის ფოტო გედოთ, მამიკომ მოუტანა ბიმისო...

- მამიკოს რომ ვეძახი, დამცინიან, დარჩები უცოლოდ ამ ძაღლების გადამკიდეო. უკვე 37 წლის ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს ჩემსავით ეყვარება ცხოველები, თორემ ცხვირი რომ აუბზუოს ჩემს ბიმის, ვერ ვაპატიებ. დაბადების დღისთვის საკონდიტროში ტორტი რომ შევუკვეთე, გადაირივნენ. იუბილარი გოგოა თუ ბიჭიო, მკითხეს. ძაღლისთვის მინდა-მეთქი რომ ვუპასუხე, ატეხეს სიცილი, ძლივს დავაჯერე, რომ არ ვხუმრობდი. მერე ფოტო გადავუგზავნე, რაც ტორტზე უნდა გამოესახათ. 

Zooclub

- ძაღლებმაც მიირთვეს იუბილარის ტორტი?

- არა, მათთვის ტკბილი არ შეიძლება.­ თუმცა, დედა სამზარეულოდან რომ გამოსულა, ბიმი მიპარულა და მაინც შეიხვედრა ტორტი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბიმის დაბადების დღეს. მეგობრები დამცინოდნენ, მთელი ქვეყანა შენი ძაღლის იუბილესა და "ჩემი ცოლის დაქალებში" ქეთისა და ზაზას დაშორებას განიხილავსო. 

Zooclub

- კიდევ აპირებთ ძაღლის შეძენას?

- ვერა, იმდენი რამ სჭირდებათ, ვერ აუვალ. ქუჩის ძაღლებს კი ვაპურებ ხოლმე, მაგრამ სახლში ვეღარ მოვიყვან. 

ავტორი: ეკა სალაღაია

წყარო: kvirispalitra
panda
ბრავო, ძვირფასი ადამიანი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?