ქართველების თვალით: კატალონია - ადგილი, სადაც ცხოველები ბედნიერად ცხოვრობენ!
ქართველების თვალით: კატალონია - ადგილი, სადაც ცხოველები ბედნიერად ცხოვრობენ!
ცხოველთა სამყარო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი არსებობა, უანგარო სიყვარული, ერთგულება გვაძლიერებს, გვახარებს, სიკეთეს გვმატებს.

დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ცხოველი სათანადოდ დაცული არაა. საზოგადოება, შეიძლება ითქვას, ხშირად ვერ იცლის მათთვის და ხან ზედმეტად მკაცრიცაა. კანონიც კი, ის ერთადერთი მუხლი, რაც ამ სიყვარულით სავსე არსებების დაცვის გარანტია - საკმაოდ მწირი და მოუქნელია...

გვინდა, შემოგთავაზოთ ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში მცხოვრები ქართველის, მაკო კოზანაშვილის შთაბეჭდილება მასზედ, თუ როგორ იღებს იქაური საზოგადოება ცხოველებს, როგორ იცავს, უყვარს...

"საქართველოში ყველაზე მეტად ბავშვები და ცხოველები მეცოდებიან. ესპანეთში ცხოვრებისას მივხვდი,
რამხელა მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადები. ცხოველისთვის განსაკუთრებით!

მოკლედ, სამი წელია, ესპანეთში ვცხოვრობ და უპატრონო და
მიუსაფარი კოღოც არ მინახავს. ეს ხუმრობით, მაგრამ ვერსად დაინახავთ უბედურ ძაღლს ან კატას. ისინი თავიანთ ოჯახებში სრული უფლებებით ცხოვრობენ და პატრონებს მხოლოდ ულამაზებენ ცხოვრებას - ესპანელი, უფრო სწორად, კატალონელი, (რადგან კატალონიის გარეთ ჯერ ფეხი არ გამიდგამს და თანაც ესპანელს თუ უწოდებ, კატალონელს, ნამდვილად არ გაუხარდება ), ყველა იმ ხარჯს, დროისაც და ფინანსურსაც, რაც მის ოთხფეხა მეგობარს სჭირდება, ზუსტად ისევე აუცილებლად და ჩვეულებრივად მიიჩნევს, როგორც საკუთარი შვილისთვის გაწეულ ხარჯებს.

Zooclub

კატალონელებს ხშირად ჰყავთ ორი, სამი და ოთხი ცხოველი. ისინი ბავშვებთან ერთად იზრდებიან, სეირნობენ, სძინავთ.

რაც შეეხება კანონს, ცხოველის დაცვის თვალსაზრისით, მკაცრია, მაგრამ მგონი არავინ არღვევს.

ერთხელ შევესწარი, პოლიციელმა დაინახა მაღაზიის წინ დაბმული ძაღლი, რომელსაც მზე ადგებოდა. ახლოს მდებარე ყველა მაღაზიაში მოიკითხა პატრონი და როცა იპოვა, ჯარიმა გამოუწერა - ზაფხულში ზუსტად ხუთი წუთი შეგიძლია დატოვო მზეში ცხოველი! მეტი არა!

ცხოველს რომ დაარტყა, ჯერ ხომ გამვლელები გაგლანძღავენ და პოლიციას გამოუძახებენ, და მერე 100-დან 500 ევრომდეა ჯარიმის საფასური.

ერთი შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ სოფელში. ფერმის მეპატრონე გარდაიცვალა. დარჩა ვაჟი, რომელიც სადღაც მუშაობდა - დილით მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა. სხვადასხვა ცხოველი ერთად ჰყავდა ფერმაში და არ უვლიდა მათ - ცხენი, ძროხა, ძაღლი, კურდღლები და ქათმები. მოკლედ, მეზობლები სუნმა შეაწუხა და როცა ფერმის კარი გატეხეს პოლიციის დახმარებით, ორი კურდღელი და ერთი თხა მკვდარი დახვდათ ანტისანიტარიისა და უსმელ-უჭმელობის გამო. შედეგი - 24 000 ევრო ჯარიმა და ყველა ცხოველის კონფისკაცია. ცხოველები გადაინაწილეს სოფლის მცხოვრებლებმა.

ჰო, მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო - ძაღლის და კატის ჯიშს აქ მნიშვნელობა არა აქვს, არც ასაკს და არც იმას, რამდენი ფეხი ან რამდენი თვალი აქვს. ცუდ ტონად ითვლება, თუ ცხოველი არ გიყვარს და ვისაც არ უყვარს, ცდილობს არ შეამჩნიონ. თუმცა, ცხოველები და ადამიანები აქ ჰარმონიაში ცხოვრობენ.

Zooclub

ბევრი რამის მოყოლა შემიძლია კიდევ, მაგრამ თავს არ შეგაწყენთ.

ეს ქვეყანა შემიყვარდა, რადგან იდეალური კი არა, ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანები ცხოვრობენ და მათ უყვართ თავიანთი თუ სხვისი ოთხფეხა მეგობრები".


საოცარი სიხარულისა და სიმშვიდის გრძნობაა, როდესაც სახელმწიფოში დაცულია ადამიანი და ცხოველი! ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩვენს სახელმწიფოში ამ საკითხთან დაკავშირებით წარმატებული მუშაობა განხორციელებულიყოს სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ ამგვარად იმატებს საზოგადოების შეგნება და ქვეყანაში ბედნიერი იქნება ადამიანი, ცხოველი, ყველა სულიერი!
ADMIN
manana _ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ცხოველები ლონდონში :) თუ გექნებათ სურვილი და დრო მოგვწერეთ თუ შეიძლება ამის შესახებ საიტის მეილზე - info@zooclub.ge
manana
ლონდონში ვცხოვრობ,ჩემო კარგო და აქაურ კატებსა და ძაღლებს შევნატრი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?