ჩემი მეგობარი ბელიკო
ჩემი მეგობარი ბელიკო
ტკივილების უხმოდ გადამტანს საშინელი ხმით აღმუვლებდა მოახლოებული სიკვდილი. საოცრად ჭკვიან მზერაში იკითხებოდა, რომ გაბურძგნულ, ბეწვიან სხეულში უბრალოდ ცხოველი კი არა, განსაკუთრებული სული სახლობდა
სამი წლის წინ თბილისში, ზამთრის მიწურულს, ძლიერი ყინვა რომ დაიწყო, ჩემმა ძაღლმა, ალასკურმა მალამუტმა, სახელად, ბელიმ, თავდაცვის სამინისტროს წინ, სკვერში, ნახევრად გაყინული კაცი იპოვა - ვინმე მინდია, სამეგრელოდან, უსახლ-კარო, ცალი ფილტვი დახურული ჰქონია და უცნაურად, სტვენითა და ხრიალით სუნთქავდა. გაჭირვებისგან გალოთებულს იმ საღამოსაც დაულევია და გაცრეცილ პლედში გახვეული, ხის ძირას მიწოლილა. ცოტაც და, ვეღარაფერი უშველიდა.

გვიან საღამოს
მე და ბელი იმ ადგილებში ვსეირნობდით. ძაღლმა ბუჩქებისკენ გაიწია, მივყევი, წკმუტუნი დაიწყო და ნახევრად გათოშილს
თავზე დავადექით. თავდაცვის სამინისტროსთან მდგომ დაცვას ვთხოვე დახმარება და საპატრულო პოლიციაშიც დავრეკე... რამდენიმე ეკიპაჟი თვალის დახამხამებაში მოვარდა, სასწრაფოც ფეხდაფეხ მოჰყვა. კაცი გამოაფხიზლეს, ფეხზე დააყენეს და მიუსაფარი "კათარზისში" წაიყვანეს... ის კაცი იმ საღამოს გაყინვას გადაურჩა. არ ვიცი, მას შემდეგ როგორ წარიმართა მისი ბედი, ან ცოცხალია თუ არა, მაგრამ მისი მაშველი ძაღლი რამდენიმე დღის წინ დავკრძალე და არა მგონია, ოდესმე მოვინელო ტკივილი, რომელიც მისმა არყოფნამ გამიჩინა.

ბელის ცხოვრებაში ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო, როდესაც განსაცდელში მყოფს დაეხმარა. 2008 წლის შემოდგომის ერთ საღამოს, იპოდრომზე სეირნობის შემდეგ, შინ არ წამოჰყვა ჩემს ძმას, წკმუტუნით ანიშნა, გაჰყოლოდა. სანამ ექიმები არ მოვიდნენ, ბელიმ გონდაკარგული არ მიატოვა...

იმავე წლის ზამთარში, გვიან ღამით, ყაზბეგის პროსპექტზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი დაბზრიალდა და კედელს შეასკდა. ჩვენ იქვე ვსეირნობდით. ბელი მომენტალურად მიბრუნდა, ერთი ამომხედა და დამტვრეული მანქანისკენ გავარდა. გონდაკარგული კაცი საჭესთან ფეხებით ჩაჭედილიყო. სანამ სასწრაფო დახმარება და პოლიცია მოვიდა, ბელი კაცს სახეს ულოკავდა...

ბელიმ ჩემშიც გააძლიერა მაშველის ინსტინქტი. ქუჩაში ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. უნდა გენახათ, კმაყოფილების ნიშნად კუდს როგორ აქიცინებდა, როცა რაღაც ამბავი კარგად დასრულდებოდა.

მალამუტები ცნობილი არიან როგორც საუკეთესო მაშველები, გადამყვანები და ძიძები. ძალიან უყვარდა ბავშვები... ერთხელ, სკვერში, ბავშვის ტირილი გაიგონა. პატარას ქალი უწყრებოდა და ისიც უფრო უმატებდა ტირილს. ძაღლმა მიირბინა და ქალს თავის ენაზე ყეფა-ყმუილი დაუწყო, თან ბავშვს ეფერებოდა. ცოტა ხანში პატარას ტირილი სიცილად ექცა. მცველის გამოჩენით გაოცებული ქალი კი მეკითხებოდა, რა უნდა თქვენს ძაღლს, რას ითხოვს ჩემგანო? ცდილობს, გითხრათ, რომ ბავშვი არ უნდა ატიროთ-მეთქი. უფ, ეგღა მაკლია ჭკუის მასწავლებლადო, აიმრიზა ქალი, რომელიც ბავშვის ძიძა აღმოჩნდა.

უცნაური ძაღლი იყო ბელი. მოფერებით ბელიკოს ვეძახდით. მის საოცრად ჭკვიან მზერაში იკითხებოდა, რომ გაბურძგნილ, ბეწვიან სხეულში უბრალოდ ცხოველი კი არა, განსაკუთრებული სული სახლობდა.

მე და ბელიკო ერთმანეთს "კვირის პალიტრამ" დაგვაკავშირა. ერთ დღეს სამსახურში რომ მივედი და მუშაობა დავიწყე, ყმუილი შემომესმა. ფანჯარაში გადავიხედე, ოფისის უკან, 161-ე სკოლის შემოღობილ ტერიტორიაზე ულამაზესი ძაღლი დაეტოვებინა ვიღაცას. არც წყალი ჰქონდა, არც საჭმელი, მხოლოდ ჭუჭყიანი ჯამი ედგა წინ... მოვიძიე ძაღლის პატრონი, რომელიც იქვე მუშაობდა. თურმე, შეუწუხებია ძაღლის ყმუილს ოჯახი და ასე, ღია ცის ქვეშ დასაგდებად გაუწირავთ იმ იმედით, რომ ვინც ამ ჯიშის ფასი იცის, იქნებ ყიდვა ისურვოს და სარფიანად მოვიშოროთო. საბედნიეროდ, ძველი პატრონის შვილი გულიანი ადამიანი აღმოჩნდა და დაიყოლია მამა, ბელიკო, რომელიც ორიოდე თვეში ხუთი წლის ხდებოდა, ჩემთვის მოეცა. იმ დღეს, შინ რომ მიმყავდა, ორივე ძალიან ბედნიერი ვიყავით... ძაღლი ვეტერინართან გავაქანე, რომ გადასხმებით მომესულიერებინა. მორჩილად მისცა თათი ექიმს კათეტერის ვენაში ჩასადგმელად, მეორე თათი კი ფეხზე დამადო, ჩემ გვერდით იყავიო. როცა დარწმუნდა, რომ მისი მიმტოვებელი არ ვიყავი, თავი მომადო და ტირილი დაიწყო... ორივე ვტიროდით. ამ ჯიშს უყვარს კაცთა მოდგმა, ის უბადლო მეგობარია...

ბოლო დროს ჩემი ბელიკო საშინელ სენს, ელენთის სიმსივნეს ებრძოდა. მუცლის ღრუს გაჭრის შემდეგ დადგინდა, რომ ადრეულ ასაკში პერიტონიტი ჰქონდა გადატანილი. ვეტერინარების ვარაუდით, სწორედ ის ადრეული პირობები, არანორმალური კვება და მკურნალობის გარეშე გადატანილი დაავადებები გახდა მოგვიანებით მის ორგანიზმში სენის გაჩენის მიზეზი. სიკვდილამდე 12 დღის განმავლობაში არაფერი უჭამია, გადასხმებით ვაცოცხლებდი, იმ იმედით, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ დავუბრუნდები ჯანმრთელობას. მხოლოდ ერთი დღე-ღამე გაძლო ოპერაციის შემდეგ. 29 მაისს მომიკვდა ტანჯვით, მანამდე ტკივილის უხმოდ გადამტანს საშინელი ხმით აღმუვლებდა მოახლოებული სიკვდილი. სანამ გონზე იყო, თვალებით მთხოვდა, არ მიმეტოვებინა. უკანასკნელ წამებშიც ხელში მეჭირა მისი თავი.  ...

იხილეთ სრულად http://www.kvirispalitra.ge-ზე
ninobebo
მეც არ მინდა ხოლმე ასეტების კიტხვა მაგრამ არ გამომდის ტავისტავატ ამოვყოფ ხოლმე ტავს აქ ცჰემდა უნებურად , მერე , მერეკი...... ცუდად ვხდები ზალიან , მოქმედებს ცჰემზე. მეცამყავს ერტი ზააალიან ლამაზი სპანიერის გოგო და ზალიან მესჰინიალია მაგ დროის დადგომის. ტქვენმა ნაამბობმა კი გული მომიკლა.ისე მაინც როგორი ტბილები არიან
ნატალია
თანაგიგრძნობ, მეც გადავიტანე ეგ საშინელება გირჩევ მალევე აიყვანო ძაღლი
sofo
არ მინდა ხოლმე წავიკითხო ასეთი ისტორიები, მაგრამ თავისთავად მივყვები ბმულებს, ცრემლები მახრჩობს, ვიტირე, მაგრამ მაინც მახრჩობს... მეც განმიცდია ეს სიმძიმე და სიცარიელე... ამის გამო აღარ ამყავს ძაღლი, არა და მინდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?