კიდევ ერთი ”თბილისელი ჰაჩიკო” - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
კიდევ ერთი ”თბილისელი ჰაჩიკო” - ძაღლი, რომელიც ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს
ჩვენ ვცხოვრობთ... ვიძენთ... ვკარგავთ... და სიცოცხლე გრძელდება... ჩვენ ავდივართ სასაფლაოზე, რადგან არ ვივიწყებთ და მერე ამ ტკივილს სადღაც ვმალავთ და ვმოძრაობთ... სულ ვმოძრაობთ...

ცხოველები თავისებურად განიცდიან მოსვლასა და წასვლას... სიცოცხლესა და სიყვარულს... ჩვენ გვიყვარს და საქმე გვაქვს... მათ კი უყვართ და მათი საქმეც - სიყვარულია... სიცოცხლეც, სუნთქვაც, თვალებიც სიყვარულია... უანგარო... მთელი გულით...

ზამთარში თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე ძაღლი შეამჩნიეს მესაფლავეებმა... ნეტავ, აქ რას წევსო. მიუახლოვდნენ საფლავს. მამაკაცის საფლავი იყო, ახალი... იქვე გერმანული ნაგაზი მიწოლილიყო... ფეხის ხმაზე ძაღლმა თვალი გაახილა... ღრმად ამოისუნთქა
და ისევ დახუჭა... მესაფლავეებმა ერთმანეთს გადახედეს...

Zooclub

დარდი აერთიანებს... სევდაა სასაფლაოზე და მესაფლავეებმაც გაიზიარეს ამ საოცარი
არსების დარდი... მას მერე ძაღლი არსად წასულა...

ერთხელაც მისი პატრონის შვილი ამოვიდა... ეფერა... წაიყვანა სახლში... იმ საღამოს ძაღლი ისევ საფლავზე იწვა... თავიდან წაყვა თითქოს, ვალი მოიხადა ოჯახის წინაშე, მათ გამოწვდილ ხელს მოეფერა და... იქ დაბრუნდა, სადაც მის გულს ფეთქვა შეეძლო, რადგან აქ პატრონთან ყველაზე ახლოს იყო...

Zooclub

ეს ძაღლი პატრონს ლეკვობიდან გაუზრდია... ახლა დიდი იყო უკვე, მოხუცი, და ერთხელაც უცებ პატრონმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა... ხალხმა პატრონი აქ მოიყვანა და დატოვა... აქ მისი სურნელი ტრიალებდა, ჰო და სადღა წავიდოდა აბა ძაღლი... იქ რა უნდოდა, სადაც პატრონი არ იყო...

გარდაცვლილის ოჯახი ამოდიოდა ხშირად... ეფრებოდნენ ძაღლს... ტიროდნენ... გულში იკრავდნენ... მერე მესაფლავეებს სთხოვეს და იქვე პატარა სახლი ჩაუდგეს - არ შესცივდესო... ზამთარი იყო და ძალიან ციოდა... მზე რომ იქნებაო - მაშინაც რომ არ დასცხესო...  

Zooclub

რა არის ნეტავ ერთგულება... ალბათ ისაა, როცა არ უშვებს და არ ტოვებს... და სხვა ყველაფერი არაფერია... არაფერია, როდესაც საფლავზე ღამდება... როცა უცხო ძაღლები გარშემო უტრიალებენ ყეფით და ჭიჭყინით... მერე ისინიც ხვდებიან, რომ რაღაც დაუძლეველი და ძლიერი აძლებინებს ამ დიდ და ჭაღარა ნაგაზს ფეხმოუცვლელად ამ ღამეშიც და მას მერე ისინიც ყოველ ღამე მასთან ერთად დარაჯობენ... ერთად მაინც კარგია... ხან ნაგაზი ამ პატარა ცუგებს ვერც ამჩნევს, მაგრამ ეს ”ერთად” მაინც კარგია და... ეს პატარა ჭიჭყინა სასაფლაოს ცუგები მისი დარდის ერთგულები და დარაჯები ხდებიან...

Zooclub

ზამთრის ბოლოსკენ, ვიღაცას 112 გამოუძახია, შეცოდებია, რამე არ მოუვიდესო... მაგრამ რომ მოსულან და გაურკვევიათ სიტუაცია, ხელი არ მოუკიდიათ, რადგან ყველა, მესაფლავეები, ძაღლის ოჯახის წევრები, სასაფლაოს ცუგები, სხვა სასაფლაოზე მოსული ადამიანები უკვე მიხვდნენ, რომ ძაღლი სწორედ იქ იყო, სადაც მისი ადგილია და იქიდან რომ წაეყვანათ, ძაღლი ვერ გაძლებდა და დაიღუპებოდა...

საფლავი კი... საფლავი მისი სახლი გახდა... აქ ის ყველას უყვარს, ყველა ეფერება, ყველა აჭმევს, მზეც აქვს, მთვარეც, სახურავიც თავს ზევით... და რაც მთავარია, აქ არის მისი პატრონი! მისი მთელი სიცოცხლე და ოჯახი! ეს საოცარი ერთგული ბებერი ძაღლი თითქოს ოჯახის სითბოსა და სიყვარულს დარაჯობს და სიცოცხლის ბოლომდე უდარაჯებს...


ინფორმაციის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჟურნალისტ თათა ლამბრიანიძეს.


ასევე იხილეთ: "A story of Georgian Hachiko"
mkitveli
ძაღლს მართლაც, რომ დიდი სიყვარული შეუძლია..
ირმა-ს
კარგია რომ არ ამბობენ სად არ ცუგა, თორემ ქვეყანა სავსეა ”კეთილი ადამიანებით”. უკრავენ თავს ელიზბარაშვილის თავშესაფარში, სდაც ეგრევე მოკვდება, მერე დაარეკლამებენ მაგით თავშესაფარს, მანდ ხომ ძაღლები მარტო დარდით კვდებიან ”@.. მოკლედ, კარგია რომ მალავენ. ეგ ძაღლი არ უნდა იყოს თავშესაფარში! - ეგ ძაღლი მანდ უნდა იყოს. უყვარს მანდ ყველას, აჭმევენ,ასმევენ, პატრონის შვილებიც ნახულობენ. ბედნიერია ეგ ძაღლი-თავისებურად! დაე მანდ და მასე იყოს!
ირმა
ნეტავ სად არის ეგ სასაფლაო,მივიდოდი,ვნახავდი ,საჭმელს მივუტანდი და მოვეფერებოდი.გული მომიკვდა,რა საცოდავი თვალები აქვს :(((
11
ზოგიერთს შვილი არ უფასებს ასე ამაგს:( აი ერთგულების თავდადების და უანგარო სიყვარულის მაგალითი:(კარგია რომ კარგად ექცევიან და ყურადღებას აქცევენ,თორემ ისეთი დარდი იციან ძაღლებმა,შეიძლება ზედ მომკვდარიყო.მახსოვს გაგრაში ნათესავთან რომ წავედი სასაფლაო უნდა გამევლო,ახალი საფლავი იყო,მიწა ზამოდან გორად ეყარა და ზედ დიდი ძაღლი იწვა,შემეშინდა მაგრამ ერთი უაზროდ შემომხედა და ისევ დახარა თვალები.ის სევდა და დარდი რაც მას ჰქონდა არ დამავიწყდება არასდროს..ომის პერიოდი იყო უკვე და რამდენიმე დღეში გაგრაც ჩაიკეტა.მერე სულ მეფიქრებოდა რა ბედი ეწიათქო..:(
mimi
კარგია, რომ ძაღლს არავინ ერჩის. მაშინ ეგ მანდ უნდა იყოს სულ. მაქედან რომ წაიყვანონ - ეგრევე მოკვდეა. კარგი ხალხი ყოფილა. დაე მანდ იყოს.. მშვიდად...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?