ხშირად ძაღლები უფრო ადამიანურები არიან
ხშირად ძაღლები უფრო ადამიანურები არიან
ამ საღამოს ცუდი ამბავი შევიტყვე, 18 წლის ბიჭები ერთმანეთს დაერივნენ, ბავშვობიდანვე ერთმანეთს სულში იძვრენდნენ, მაგრამ უცებ ერთმა მეორე სასიკვდილოდ გაიმეტა. მიზეზი? ერთი გოგო მოსწონდათო... ნირწამხდარმა ისღა ვთქვი, ასე ძაღლებიც არ იმეტებენ ერთმანეთს-მეთქი.

აღარ მახსოვს, რომელი წელი იყო, ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. არდადეგები ახალი დაწყებული იყო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები სოფელში ავბარგდით საყვარელ ბებოსთან. ერთ საღამოსაც დიდ აივანზე ვისხედით და ვერთობოდით, როგორც ჩვენი თაობის თინეიჯერებს სჩვეოდათ, "ჯოკერი გავახურეთ". უცებ ეზოში ულამაზესი, ქართული ნაგაზის მეტისი ლეკვი შემოგოგმანდა. სისხლიან ნაწიბურებზე ეტყობოდა, რომ ყურები და კუდი ახალი წაჭრილი
ჰქონდა. უკვე იქნებოდა სამი თვის. შესაძლოა, ტკივილმა გააბრაზა პატარა ბუთხუზა და სახლიდან გამოიპარა. დიდის ამბით
მივიღეთ, მოვეფერთ, ნაჭრილობევი კიდევ ერთხელ დავუმუშავეთ და უცებ ბებიამ გამოაცხადა, მაგი ვინცხასი იქნებოდა და მოაკითხავს პატრონი, ტყვილა ლოკავთო. ის ღამე გმინვაში გავათენეთ მე და ჩემმა უფროსმა ძმამ, მეორე დღეს კი გავიკითხეთ სოფელში, ძაღლი ხომ არ დაეკარგა ვინმეს. აღმოჩნდა, რომ ბაჯბაჯა ჩვენამდე თვალით არავის ენახა.

გავიხარეთ. იმის გამო, რომ მხოლოდ ზაფხულს ვატარებდით სოფლად, დანარჩენ დროს ლეკვს ბებოსთან უნდა ეცხოვრა, მას კი ძაღლები მხოლოდ შორიდან უყვარდა. ამიტომაც ბუთქუნა მეზობლად, ბიძაშვილების ოჯახში დავასახლეთ, იმათ ჯულბა შეარქვეს, ჩემმა ძმამ კი უცნაური გამოხედვის გამო მუდო დაარქვა. დიდი სევდიანი თვალები ჰქონდა მუდოს, მაგრამ როცა ცუღლუტობდა, ცელქი ბავშვის სახეს იღებდა. მუდოს სოფელში წაეშმაკო, მოხერხებულ, ოინების მოყვარულს უწოდებდნენ. ჯულბა მუდომ უცებ აღმოაჩინა, რომ ერთის მაგივრად სამი ეზო და სამი სახლი უნდა დაეცვა, დიდი სამფლობელო ჰქონდა და დანავარდობდა. უჭკვიანესი ვინმე იყო. დიახ, ვინმე იყო, რადგან სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ გააჩნია ისეთი სულგრძელობისა და ვაჟკაცობის უნარი, რითიც ჩვენი ცუგო მხოლოდ ძაღლებში არ დაიკვეხნიდა.

სექტემბერში ქალაქში დაბრუნების შემდეგ უძაღლობის გამო დეპრესია დაგვეწყო. მამიკომ, რომელიც ჩვენსავით გიჟდებოდა ცხოველებზე, ულამაზესი, წითელი, სეტერის და კურცჰაარის მეტისი მოიყვანა, ვიღაცას გადასაგდებად ჰყოლია განწირული. გადაირია დედა, ლეკვს სახლში ვერ გავაჩერებო. ჩამოვეკიდეთ კალთაზე, დავიწყეთ ხვეწნა-მუდარა, გადაწყდა ოჯახის ახალი ბინადარი არდადეგების დაწყებამდე აივანზე იცხოვრებდა.

სოფელში წასვლის დროც დადგა. მუდოსთან შეხვედრის მოლოდინში სიხარულს ვერ ვფარავდით, თან გვეშინოდა, როგორ მიიღებდა ოჯახის ახალ წევრს. თურმე ამაოდ ვღელავდით. მასპინძელმა ერთნაირად გაგვლოკა ჩვენც და წითური ლეკვიც. სამი თვის განმავლობაში, ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ აგვისტოს ბოლოს ბიმბო მუდოსთან დავტოვეთ. ძალიან თბილი და ალერსიანი ძაღლი იყო. ყეფაც კი ეზარებოდა, თითქოს იმისთვის გაჩნდა, რომ სულ ფეხებთან წოლოდა პატრონს და მუდოს დაეცვა მისი სიმშვიდე.

ხშირად მახსენდებიან ჩემი ძაღლები, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ისინი მაძლევდნენ მაგალითს, როგორ უნდა გიყვარდეს მეგობარი, ნათესავი და საერთოდ შენი მოდგმის, ვინც არ უნდა იყოს. ბიმბოს ჩხუბი არ უყვარდა. ეზოს გარეთ ფეხს არ ადგამდა. მუდო კი ქვეყნიერებას უვლიდა გარს და ერთდროულად სამ უბანს აკონტროლებდა სოფელში. აბა, ერთი რომელიმე ძაღლს გაებედა და ბიმბოს მიკარებოდა, შეჭამდა. ერთხელაც რატომღაც ბიმბო საავტომობილო ტრასაზე ჩავიდა. ჩვენს სოფელში ცენტრალური ავტომაგისტრალი გადის და შესაბამისად იქ ყოველთვის რთული მოძრაობაა.

მანქანისგან დამფრთხალ ძაღლს თავ-გზა აერია, შუა გზაზე გაჩერდა და ამასობაში ვიღაც დაუდევარმა დაარტყა. მოგვიანებით, თვითმხილველები მოგვიყვნენ: ბიმბოს განწირულ ხმაზე მუდო თვალის დახამხამებაში გაჩნდა ადგილზე. საოცარი სანახაობა იყო, ერთი ძაღლი საცოდავად ეგდო შუახაზზე, მეორე კი მის გარშემო დარბოდა და სიკვდილის არ ეშინოდა, მანქანებს უყეფდა, ასე იცავდა მეგობარს მეორე საბედისწერო დარტყმისგანო. ამასობაში მუდომ ხალხის ყურადღება მიიქცია, კაცებმა ბიმბო ხელში ატატებული აიყვანეს ბებოსთან. ფეხი ჰქონდა გაგლეჯილი, დაუმუშავეს ჭრილობა და მუდო დაამშვიდეს, ნუ გეშინია, შენი ძმაკაცი გადარჩებაო. წახდა ბომბორა ნაგაზი დარდისგან, მიუწვა გვერდით ძმობილს, ხან მტკივან თათს ულოკავდა, ხანაც კისერში, ქეჩოში ჩაუყოფდა თავს და იყვნენ ასე გატრუნულნი. რამდენიმე დღეს ბიმბო საჭმელს არ ჭამდა, მხოლოდ წყალს სვამდა. მუდოც აჰყვა. ვეფერებოდით, ვცდილობდით, დაეჯერებინა, რომ ბიმბოს საფრთხე აღარ ელოდა. რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ, დილით ცოტა შეჭამა და ჩემს ძმას მიუწვა ფეხებთან.

უცნაურად იქცეოდა, პატრონს გამუდმებით უკან დაჰყვებოდა. შუადღისას უკეთ ჭამა. ბიმბოსკენ აღარც იხედებოდა. საღამოსაც დანაყრდა და ისევ ჩემს ძმას მიუჯდა გვერდით. ის კი მთვარიან ღამით სათევზაოდ ემზადებოდა და ალაგ-ალაგ გარღვეულ ბადეს კემსავდა. უცებ მუდო გაქრა. დაძახილზე არ გამოჩნდა. ვიფიქრეთ, რომ ხასიათზე მოვიდა და ძველებურად გაინავარდა. დილით ჩემმა ძმამ თქვა, რომ მუდომ გვიან ღამით სიკვდილს გადაარჩინა. თევზაობის მოყვარული ხშირად მთვარიან ღამით აიკიდებდა ბადეს და მდინარეს დიდ მანძილზე შეუყვებოდა ხოლმე. მუდოც მისდევდა. ჩემი ძმა დაუცაცხანებდა, ნუ მოდიხარ, წყალში დგაფუნით თევზებს მიფრთხობო. იმ საღამოს ძაღლი სახლში არ იყო და მებადურს უკან არც კი მიუხედავს.

სავარაუდოდ, მუდოს გულმა რეჩხი უყო და ჩუმად აედევნა პატრონს, რომელიც კარგა ხნის თევზაობის შემდეგ კინაღამ დაიხრჩო. ბადე რომ უსვრია, ფეხი გასრიალებია ქვაზე და დაცემულა, გახლართულა წყალში გაშლილ ქსოვილში, რომელსაც ბოლოებში დაკიდებული ტყვიის მარცვლები ფსკერისკენ ეწეოდნენ და თანდათან მორევისკენ მიათრევდნენ მებადურსაც. უცებ ძაღლი გადამხტარა მდინარეში... რა მნიშვნელობა აქვს მერე რა მოხდა და როგორ იყოჩაღა მუდომ, მთავარია, რომ პატრონი გადაარჩინა და წყლიდან ამოსულს სიხარულით ლოკავდა.

მახსოვს ერთმანეთზე ჩახუტებული ძაღლი და პატრონი, მუდოს უზარმაზარი, სევდიანი თვალები. დღემდე ვფიქრობ, რომ ის არ იყო უბრალოდ ძაღლი. გავიდა წლები, ბებოსაც შეუყვარდა თავისი კეთილი დარაჯები და ყოველ ასვლაზე გვიამბობდა მათ გმირულ ამბებს.
ზუსტად ათი წლის შემდეგ, ბიმბო დაიკარგა. დილით აივანზე გამოსულ ბებიას მარტო მუდო რომ დახვდა, გაკვირვებია. კარგა ხანს ეძახა მოხუცმა გამქრალ ძაღლს, მუდო ადგილიდან არ ინძრეოდა, მერე ზლაზვნით ამდგარა, ჭიშკართან მისულა და წელმოწყვეტილს და თავჩაქინდრულს გამოუხედია, თითქოს ანიშნა წამყევიო. გაჰყვა ბებია. ჩვენს ძველისძველ ვენახში ასულიყო და იქ დაელია სული ბიმბოს. ეჰ, თურმე ძაღლურად სიკვდილი აცალე მეგობარსო, უთქვამს ბებოს წამხდარი მუდოსთვის, რომელიც მის გვერდით მხრებჩამოყრილი კაცივით მდგარა. მაშინ გავიგე, ძაღლები სიკვდილის მოახლოებას რომ იგრძნობენ, თურმე სახლიდან შორს მიდიან, მამა ამბობდა, რომ ასე ცდილობენ ტკივილი აარიდონ პატრონსო.

ბიმბო საკადრისად დაკრძალეს. მუდომ თითქმის მთელი თვე იგლოვა ძმობილი, მერე ისევ მხნედ შეუდგა ტერიტორიების კონტროლს. მაგრამ ეტყობოდა, რომ ასაკი მასაც ერეოდა. თურმე ძაღლებიც ჭაღარავდებიან. ესეც მაშინ გავიგე, მუდოს ცხვირი, ულვაშები და წამწამები რომ გაუთეთრდა. ბიმბოს წასვლიდან ორ წლის შემდეგ, სოფლიდან შეგვატყობინეს, რომ ჩვენს საყვარელ ძაღლს მანქანამ დაარტყა და ადგილზე მოკლა. სად დავმარხოთო? ყველამ იცოდა, რომ ძაღლი, რომელიც ოდესღაც სასწაულებრივად გამოჩნდა ჩვენს ეზოში, ოჯახის წევრივით გვიყვარდა და მის უბრალოდ გადაგდებას ვერ შევეგუებოდით. ბიმბოს გვერდით გაუთხარეს კაცებმა სამარე. მერე ამბობდნენ, იმდენი კაცური მოსაგონარი დატოვა მუდომ, რომ ცრემლები კაცებმაც ვერ შევიკავეთო. მე დღემდე ვერ ვიკავებ ცრემლებს მის გახსენებაზე. ხშირად კი მახსენდება, ყოველთვის, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვერჩით.


ეკა ლომიძე


წყარო "კვირის პალიტრა"
ლევანი
!!!!!!!!!!!!!!!!
ABC
ვიტირე... ცრემლები მომდის ახლაც. ჩემი ჯეკა გამახსენდა, ერთგული, საყვარელი და ჭკვიანი... :(
eka
რაღაცნიარად რო მოგეხეხებინათ და წარამარა მანქანებს არ დაერტყათ თქვენი ძაღლებისთვის უკეთესი ხომ იქნებოდა? ძაღლი რო გპატრონობთ, ძაღლსაც უნდა პატრონი და მოვლა.
kaxi
ძაღლი ღმერთმა ადამიანისათვის შექმნა, ისინი ერთგულების მაგალითი არიან. თუ გყავს ძაღლი ე.ი. გყავს ერთგული მეგობარი და მარტო არა ხარ.
სოფო
ეკა,ძალიან საყვარელი ხარ ამ შენი კეთილი ისტორიებით
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?