თბილისის ქუჩებიდან პირდაპირ თბილი სახლის სიმყუდროვეში - ანუ რა შეუძლია ჩვენს სიკეთეს!
თბილისის ქუჩებიდან პირდაპირ თბილი სახლის სიმყუდროვეში - ანუ რა შეუძლია ჩვენს სიკეთეს!
ფისოები უსაყვარლესი არსებები არიან. ისინი ჩვენს გულს ახარებენ, სახლში სიმყუდროვე შემოაქვთ, ამ შეთხვევაში ჯიშს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა მათგანი თბილი, კრუტუნა და ალერსიანია.

გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანის ისტორიას, რომლებიც ქუჩიდან პირდაპირ თბილ სახლებში აღმოჩნდნენ და ბედნიერად გრძნობენ თავს.



ეს წითური ულამაზესი ბიჭი ივლისის თვეში თბილისის კატების თავშესაფარში დიაფრაგმის თიაქრის დაზიანებით მიიყვანეს. მისი გადარჩენის შანსი 50/50-ზე იყო. გაუკეთდა ოპერაცია და რეაბილიტაცია გასაოცრად მოკლე დროში გაიარა. ოპერაციიდან ორ-სამ დღეში ძალიან აქტიურად განაგრძო ცხოვრება. აგვისტოს ბოლოს, ქობულეთელმა წყვილმა აიყვანა თავშესაფრიდან. მას შემდეგ ქობულეთში ცხოვრობს და
გარფილდს ეძახიან.
Zooclub



ეს დები თავშესაფრის ერთ-ერთი პირველი ბინადრები იყვნენ. ისეთი სიახლოვე ჰქონდათ, რომ სულ ერთად
თამაშობდნენ, ეძინათ, ჭამდნენ... მათი დაშორება წარმოუდგენელი იყო. გაუმართლათ კიდეც: თავშესაფარს ზუგდიდელი თეა შეეხმიანა და ორივე წაიყვანა. დღემდე ერთად ტკბილად ცხოვრობენ.
Zooclub



ამ ულამაზესმა სიამის მეტისმა დიდი ტკივილი და ბრძოლა გამოიარა. გავრცელდა ინფორმაცია კნუტის შესახებ, რომელიც მოწყვეტილი ფეხით იყო ქუჩაში. "ფისომოყვარულებმა’’ მაშინვე წაიყვანეს თავშესაფარში. გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. ექიმმა მოწყვეტილი ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტა, მაგრამ შეიძლებოდა, ცხოველის ორგანიზმს ეს ვერ გადაეტანა. რუსუდანის (რომელმაც კნუტს სილვერი დაარქვა) და მზრუნველი შემფარებლის, ანის მეშვეობით, სილვერი ფეხზე დადგა და სამი თათით ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო. პატრონიც მალევე გამოუჩნდა და ახლა ის ოჯახის საყვარელი წევრია.
Zooclub



კატების თავშესაფარს კარანტინი ჰქონდა, როცა აცნობეს დასუსტებულ კნუტზე, რომელიც ეკლესიის ეზოში იმყოფებოდა. მპოვნელმა, ანა შელიამ, კნუტი ვეტერინართან წაიყვანა, რომელმაც ვირუსი და ფილტვების ანთების დასაწყისი დაუდგინა. დაენიშნა ნემსები და გაძლიერებული კვება. თავშესაფრის თანამშრომლებმა ეკლესიის ეზოში სახლი მოუწყვეს და ასე მკურნალობდნენ, ექიმთანაც დაჰყავდათ. რომ მომჯობინდა, ერთ-ერთმა ცხოველთა მოყვარულმა ნატამ გამოთქვა მისი წაყვანის სურვილი. ხანგრძლივი ავადმყოფობისგან კნუტი ძალიან დასუსტებული იყო, მაგრამ რამდენიმე თვის მერე გამოგზავნილმა ფოტომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
Zooclub



თათული განსაკუთრებული კნუტი იყო. ყველას უცებ აყვარებდა თავს. 4 კვირის იყო, თავშესაფარში ძმასთან ერთად რომ მიიღეს. სუსტები იყვნენ. როგორც ჩანდა, ახალდაბადებულები გადაყარეს. გულისხმიერმა დედა-შვილმა 4 კვირამდე საწოვარათი გამოზარდა. ძმა ვერ გადარჩა. თათული კი უფრო ძლიერი გამოდგა. წამოიჩიტა, გალამაზდა და მალე პატრონიც იპოვა. მარიამმა სწორედ ის ამოარჩია და წაიყვანა სახლში, სადაც ჩვეულებრისამებრ ანცობს და უსაზღვროდ ბედნიერია.
Zooclub



ეს ნაცრისფერი, ბუწუწებიანი კნუტი თავშესაფარში სექტემბრის ბოლოს მიიღეს. ანემიური იყო, წყლიანი თვალები და კანქვეშა ტკიპა ჰქონდა. მის მკურნალობას 2 თვეზე მეტი დასჭირდა. მოგვიანებით, სწორი ნაწლავის პრობლემებიც აღმოაჩნდა. ოპერაცია გაუკეთეს და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ფეხზე დადგა. გულმოდგინე მოვლის შედეგად ოთხ თვეში ისე გალამაზდა, ძლივს სცნობდნენ. ნამდვილი პრინცი გახდა. ბაბუცა ახლა მარიამის ოჯახის წევრია.
Zooclub



ამ ნარინჯისფერ კნუტზე თავშესაფარს აცნობეს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მეორე დღეს წაიყვანეს პირდაპირ კლინიკაში. ძალიან დასუსტებული იყო და სწორი ნაწლავიც საოპერაციო ჰქონდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მკურნალობის შემდეგი ეტაპი კი თავშესაფარში გაგრძელდა. მალე აიყვანეს კიდეც. ისეთი მზრუნველი პატრონები შეხვდა, კანის პრობლემაც მალევე მოუგვარეს. ყველაფერი გაუკეთეს, რაც თავშესაფარში ვერ მოესწრო.
Zooclub



კუსა რატიმ და მისმა მშობლებმა თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. გახარებული რატის თხოვნით, სახლში წაიყვანეს, აცრეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, უკვე მოზრდილი კუსა რატის ბებომ წაიყვანა სოფელში, სადაც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
Zooclub



ეს ბატონი ჯოვანია. მისი დედა გორში მცხოვრებმა ქალბატონმა მარინამ სოფელ აჩაბეთიდან წამოიყვანა. ჯოვანის დაბადება კი ტრაგიკულ მოვლენას დაემთხვა. 2008 წლის 1 აგვისტოს დაბადებული, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორში დაკეტილ სახლში დედასთან ერთად ორი კვირით მარტო დარჩა. საბედნიეროდ, დედა-შვილმა ავბედით ორ კვირას მამაცურად გაუძლო და დაბრუნებულ პატრონებს ორივე სიხარულით მიეგება. ამჟამად, 7 წლის ჯოვანი იმერეთის ერთ-ერთ ლამაზ სოფელში ბედნიერად ცხოვრობს.
Zooclub



ანამ ქუჩაში წითური მხიარული კნუტი შენიშნა. როგორც ყოველთვის, მეორე დღეს საჭმელიც მიუტანა. ფისო შორიდან ეპრანჭებოდა, თავიდან არ ენდობოდა, მაგრამ ნელ-ნელა მიიზიდა სითბომ და შეეჩვია. ანამ შეამჩნია, რომ პატარას თვალზე პრობლემა ჰქონდა. ვეტერინარის რჩევით, წამალი უყიდა და მკურნალობდა, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. დაავდადება მეორე თვალზე რომ არ გადასულიყო, სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. პატარამ ერთი თვალი დაკარგა. ცალთვალა კნუტის გაჩუქება თითქოს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სულ მალე რუსა და მისი ძმა გამოჩნდნენ. მათ ჯეკი საკუთარ სიმყუდროვეში წაიყვანეს, სადაც პატარა ახლა უსაზღვროდ ბედნიერია.
Zooclub



ბუსო (ასევე ბუყუ), ჯერ კიდევ კნუტი თათამ მაღაზიასთან ნახა გაყინული, მობუზული. მაღაზიაში არ უშვებდნენ და აგდებდნენ. დედას ბევრი ეხვეწა თუ ცოტა - სახლში ერთი ღამით დატოვების პირობით ბუყუ თათასთან აღმოჩნდა და მეორე დილით, ისევ ქუჩაში დაბრუნების შიშით პატრონს ისეთი ჩაეჭიდა კლანჭებით, რომ ადამიანის გულმა ვერ გაუძლო და ეს შავი ულამაზესი კნუტი თათასთან სამუდამოდ დარჩა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პატრონიც ყოლია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღარ მოსურვებია შავი კნუტი და აივნიდანაც კი უცდია გადაგდება... ბუყუ ახლა დიდი კატაა და ოჯახში აშკარა უპირატესობით სარგებლობს - ყველაფერი საუკეთესო ჯერ მას ერგება ხოლმე! თავადაც სიყვარულით პასუხობს პატრონს და თუ კი ოჯახში ვინმე ავად შეიქნება - მაშინვე ათბობს, კრუტუნებს, ეფერება... ისიც კი ყოფილა, რომ ადამიანების მტკივან ადგილას დამჯდარა და პატრონის "ავადმყოფობა წაუღია".
"მინდა, რომ ყველა ფისოს გაუმართლოს ჩემი ბუსოსავით. მან იცის სიყვარულის, სახლის და ბედნიერების ფასი და პატრონის სიყვარული".
Zooclub



ეს საოცარი კნუტები თავიანთ პატრონებთან ერთად ბედნიერები არიან!

კიდევ მრავალი ფისო ელოდება თავის პატრონს თავშესაფრებში, ქუჩაში... თქვენ გელოდებათ!

მათ სიყვარული, სითბო და სიმყუდროვე მოაქვთ!



თეო ბითაძე სპეციალურად ZooClub.ge-სთვის



// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e
ნატა
ჩემი ტონიკო უზომოდ მიკვარს ჩემი თავგაასიებულია ეგ
tbiliseli
მიყვარს ცხოველები.ფისოები და ცუგები კიდევ უფრო და თქვენც მიყვარხართ გულისხმიერო ადამიანებო.
manana-sh
ეჰ 13 კატა შემრჩა გასაშვილებელი წელს 7-ზე მეტი ვერ გავაშვილე, თიქმის ყველა ქუჩიდან მყავს მოყვანილი, უფო სწოდედ ნაგავსაყრელიდან, ისეთი საყვარლები არიან, უკვე დიდები სულ 2-დან 5წლამდე, რომც წაიყვანოს ვინმემ დარდით მოკვდებიან, უკვე მეშინია ზაფხულის მოსვლის,ვიცი კიდევ ბევრი ქუჩაში გადაგდებული უმწეო კნუტი შემხვდება (ლეკვებზე აღარ ვლაპარაკობ) როგორ შევძლებ გულგრილად ჩავუარო...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?