გრეიჰაუნდი საქართველოში - ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
გრეიჰაუნდი საქართველოში - ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
გრეიჰაუნდი ძაღლის ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. მის წარმოშობას უკავშირებენ ძველ ეგვიპტეს, რადგან აქ 4900 წლის წინანდელ სამარხში აღმოჩენილია გრეიჰაუნდის მსგავსი ძაღლის ნახატი.

არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ამ ჯიშის ძაღლები ძველ კელტებს ჰყავდათ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გრეიჰაუნდის წინაპრები ბრიტანეთის კუნძულებზე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V-VI  საუკუნეებიდან ბინადრობენ. მისი დასახელება ძველსაქსონურ სიტყვა grei-დან მოდის, რაც ლამაზს, ნატიფს ნიშნავს.

ელეგანტური გრეიჰაუნდი სანადირო ძაღლია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია შეუჩერებლად, დიდი ხნის განმავლობაში, სდიოს მსხვერპლს. იგი ძირითადად გამოიყენება მოკლე მანძილზე სწრაფი დევნისთვის.
მას შეუძლია დიდი სიჩქარე განავითაროს დროის მცირე მონაკვეთში. გამოიყენებოდა კურდღელზე სანადიროდ. გრეიჰაუნდის სასტარტო აჩქარება კურდღლისას
აღემატება. ამით კი ბევრი ცხოველი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

ერთმანეთისგან განირჩევა სპრინტერი და მონადირე გრეიჰაუნდები. მონადირე შედარებით დიდია, აქვს უკეთესი მანევრი და გამძლეობა დიდი მანძილის დასაფარავად.

Zooclub

სპრინტერი კი გაცილებით სუსტია. მას იდეალური აღნაგობა აქვს მოკლე, სწორ დისტანციაზე სარბენად. ისინი დღესდღეობით გამოიყენებიან ძაღლების რბოლაში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გრეიჰაუნდების რბოლისთვის სპეციალური მოედნებია აშენებული, სადაც გრუნტი საუკეთესოდ არის დამუშავებული, ძაღლებს არ აქვთ დაბრკოლება, არ უწევთ სწრაფი მანევრირება. ძაღლები მექანიკურ კურდღელს მისდევენ სტარტიდან ფინიშამდე. ამ სპორტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ყველაზე სწრაფი გრეიჰაუნდი ლეგენდარული სტარტ ტაიტლია, რომლის რეკორდის (67,32 კმ/სთ , დაამყარა 1994 წლის 5 მარტს) მოხსნას წლებია ცდილობენ ოპონენტები.

Zooclub

შინაური გრეიჰაუნდი კი საკმაოდ მშვიდი მეგობარია, თუმცა, ჩვევად აქვს გაეკიდოს ყველაფერს, რაც მოძრაობს. საქართველოში ამ ჯიშის ძაღლები მხოლოდ ორია. ჩვენ მათ პატრონს, ქალბატონ ლენა ცერცვაძეს დავუკავშირდით.

„ გრეიჰაუნდი ულამაზესი ძაღლია, ძალიან ჭკვიანია და თვინიერი. ამ ჯიშის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც სულ პატარა ვიყავი. საერთოდ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ძაღლის აყვანას, არ აქვს მნიშვნელობა ჯიშს, მან უნდა გააცნობიეროს რამხელა პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, რადგან ძაღლი არ არის სათამაშო და მას მოვლა და სიყვარული სჭირდება. სანამ გრეიჰაუნდს მოვიყვანდი, იქამდე მყავდა სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. ბოლოს როდესაც გადავწყვიტე რომ ჩემი არჩევანი არ შეიცვლებოდა, დავიწყე ძებნა ძაღლსაშენების, სადაც ჰყავდათ გრეიჰაუნდები. ძალიან მადლობელი ვარ იმ პიროვნების, ვისგანაც ავიყვანე ჩემი პირველი გრეიჰაუნდი, სახელად დრაივი. როდესაც ლეკვის ფოტოები მანახეს, მზერა მასზე შევაჩერე და ასე ვთქვათ, იქვე გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ძაღლი უნდა ყოფილიყო. როდესაც ჩემი ხვადი გრეიჰაუნდი რუსეთიდან უკვე თბილისში ჩამოვიყვანე - შვებით ამოვისუნთქე. მე თვალწინ მედგა ჩემი სურვილი და ოცნება, რომლის ყოლაც ასე ძალიან მინდოდა. ბევრ ადამიანს არასწორი ინფორმაცია აქვს ამ ჯიშის შესახებ, ვინაიდან მათ მიიჩნევენ უტვინო ძაღლებად, რომლებიც სირბილის დროს ვერ აკონტროლებენ სიჩქარეს და პირდაპირ ეჯახებიან მიმავალ ხეებს. ეს რასაკვირველია სრული ტყუილია, ვინაიდან ვისაც უნახავს ცოცხლად მორბენალი გრეიჰაუნდი კარგად იცის, თუ რა საოცარი სანახავია ეს ფაქტი. ორივე გრეიჰაუნდი ჩამოყვანილი მყავს რუსეთიდან. ხვადი 3 წლისაა, ძუ კი 9 თვის.
რაც შეეხება მათ მოვლას, ძალიან მარტივია. დილას და საღამოს 250 გრამ მშრალ საკვებს ვაჭმევ. შეგიძლიათ, თქვენი გრეიჰაუნდი გაათამამოთ კვირაში ერთხელ ტკბილი ძვლებით, ასე კბილებიც გაეწმინდებათ და კმაყოფილებასაც და მადლიერებასაც გამოხატავენ. რაც შეეხება მათ გასეირნებას, დილას 1 საათით და საღამოს ორი საათით ვასეირნებ. ხოლო როგორც კი დათბება, მთაწმინდაზე ავდივართ. იქ სეირნობა თითქმის 2 ან 3 საათს გრძელდება.
ჩემი ძაღლები ძალიან მშვიდები არიან. სხვა ძაღლებს ერიდებიან, როდესაც მათგან აგრესია მოდის.“

Zooclub

ჩვენს რესპოდენტს თავისი ოთხფეხა მეგობრები ყოველწლიურად გაყავს გამოფენაზე, რაც თავისთავად ამ ჯიშის ძაღლების პოპულარიზაციაზეც აისახება.

თუ თქვენ გსურთ აიყვანოთ ელეგანტური, დახვეწილი ძაღლი, რომლის მოვლაც არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, პატივს სცემთ ისტორიას, აფასებთ სილამაზესა და სისწრაფეს, მაშინ თქვენთვის იდეალური ძაღლი გრეიჰაუნდია.


ანი ქარჩავა - სპეციალურად zooclub.ge-თვის


Zooclub
ზურა-ს
აკრიფეთ ამ ქალბატონის სახელი და გვარი ლათინურად და იპოვით, მითუმეტეს ყდის ფოტოდ მისი ერთ-ერთი ძაღლია :)
ზურა
ამ ქალბატონის ფეისბუქ მისამართს მაინც არ მომაწოდებთ? ძალიან მინდა ამ ძაღლების ნახვა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?