როდესაც თქვენი ძაღლი მათხოვრობს
როდესაც თქვენი ძაღლი მათხოვრობს
მართალია, ხშირად ამბობენ, ძაღლებს ჩვენ, ადამიანები ვწვრთნითო, მაგრამ სინამდვილეში, ასე როდია. ძაღლებსაც შეუძლიათ, თავიანთი ქცევებით ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს საჭმლის თხოვნის დროს ჩანს: მათ ჩვენი ყურადღების მისაქცევად რამდენიმე ტაქტიკური სვლაც კი ათვისებული აქვთ.

არ დაუთმოთ
ნუ მისცემთ ძაღლს ნებას, სადილი ჩაგიშხამოთ, რაკი ნაღვლიანად შეჰყურებს თქვენს კერძს. არასოდეს აჭამოთ საჭმელი მაგიდიდან!

ჭამის დრო

ძაღლებმა, როგორც გარკვეული რეჟიმით მცხოვრებმა არსებებმა, ინსტინქტურად იციან თავიანთი ჭამის დრო; ისიც, როდის უნდა გავიდნენ გარეთ სასეირნოდ. თუ დაგაგვიანდებათ საკვების მიცემა, ისინი ამას თავად შეგახსენებენ! ჯერ ერთი,
მშიერი ძაღლი შესამჩნევად მოუსვენარი ხდება. თუ ყურადღებას ვერ მიიქცევს, დაგიწყებთ თათებით ფრთხილად შეხებას - ეს
ჩვევა დამახასიათებელია დიდი ძაღლებისთვის. შედარებით პატარები ანცობას იწყებენ და აღელვებულნი ყეფენ.

ზედმეტი ჭამის საფრთხე

თქვენი ძაღლი შეეცდება დაგაჯეროთ, რომ ისევ მშიერია, მაშინაც კი, როცა საკვების დღის ნორმა უკვე შეჭამა. ძაღლის ზოგიერთი ჯიში, მაგალითად ოქროსფერი რეტრივერი, ბუნებით უფრო მათხოვარია, ვიდრე სხვები. ეს კი ნიშნავს, რომ გასუქება უფრო მეტად ემუქრება.

ურთიერთობის მეთოდები

მეთოდი, რითიც ძაღლი გაგებინებთ, რომ მოშივდა, უშუალოდ არის დამოკიდებული მის ზომაზე: დიდ ძაღლს, მაგალითად ოქროსფერ რეტრივერს, თავისი ჯამის მოწოდებაც კი შეუძლია. ხოლო მომცრო ჯიშები ვერ ისვენებენ, ღელავენ და ცდილობენ, კალთაზე შემოგახტნენ. როდესაც ადგომას დააპირებთ, ჩამოხტებიან და თავიანთი ჯამისკენ გაიქცევიან, რათა გაჩვენონ, რა სურთ.

აყეფება
ძაღლები მალევე ხვდებიან, როგორ გაიძულონ მათკენ გახედვა. დიდი ძაღლი, უბრალოდ გადებთ თათს ფეხზე მაშინ, როდესაც ზიხართ. ფინიებისთვის უფრო ძნელია თქვენი ყურადღების მიქცევა, ამიტომ ხმამაღლა ყეფენ. გამაღიზიანებელი წკმუტუნიც, თქვენი ყურადღების მიქცევის მეთოდია.

ყურადღების მიქცევა
ჯეკ რასელ ტერიერებს მოქნილი ტანი აქვთ და ოსტატურად ახერხებენ ვერტიკალურად გაჩერებას. თუ დაინახავენ, რომ ამგვარი თხოვნით პატრონის ყურადღება მიიქციეს და მოწონება დაიმსახურეს, ქცევას გაიმეორებენ.

წვრთნა თუ მათხოვრობა?

ჯეკ რასელ ტერიერი ძნელად გასაწვრთნელი ჯიშის ტიპური მაგალითია. მას წარმატების მისაღწევად ბევრი შექება და საკვებით მოხიბვლა სჭირდება. დააჯილდოვეთ მხოლოდ კარგი ქცევისთვის - არ მიაჩვიოთ მათხოვრობას.

არასასურველი ჩვევა
მათხოვრობა უფრო შეძენილი ქცევაა, ვიდრე ინსტინქტური. ერთი ჯიშის ყველა ძაღლი ამგვარად არ იქცევა. მათხოვრობას, როგორც წესი, სწავლობენ სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე და, თუ ამ დროს ყოველთვის დაუთმეთ, ეს "მეთოდი" უცებ ჩვევად ექცევათ.


ფრთხილად!
ნუ მიაჩვევთ ძაღლს მათხოვრობას და ნუ აჭმევთ, ამის პასუხად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალზე მალე მოიმატებს წონაში.


მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?