როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია?
როგორ უნდა მოვიქცეთ,  თუ ჩვენი ძაღლი სხვა ძაღლების მიმართ აგრესიულია?
ხშირი შემთხვევაა, როდესაც ზრდასრული ძაღლი ავლენს აგრესიას სხვა ძაღლების მიმართ. ეს სერიოზული პრობლემაა, რომლის გამოსწორების გზებიც პატრონების უმეტესობამ არ იცის. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ადამიანები სხვადასხვა ჯიშის ძაღლს ყოველდღიურად ასეირნებენ პარკებში, მაგრამ თუ ძაღლი აგრესიულია ქუჩაში მისი გამოყვანისას განტვირთვა გიჭირთ, რადგან ყოველთვის თვალი უნდა ადევნოთ თქვენს ბინადარს ან მოკლე საბელით გეჭიროთ. 

არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პატარა მიმნდობ ლეკვს აგრესიული ძაღლი თავს ესხმის. ამის თავიდან აცილება ხშირ შემთხვევაში პატრონს უჭირს.

ამ სტატიაში გაეცნობით ძაღლის აგრესიას სხვა ძაღლების მიმართ და მეთოდებს, თუ როგორ უნდა
მოაგვაროთ ეს პრობლემა.

ძაღლის აგრესიის ძირითადი მიზეზები:

1. აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ცხოველის ავადმყოფობა იყოს
(როცა პროცესი ფარულად მიმდინარეობს).


2. დომინირების პრობლემა

ნებისმიერი ძაღლს, მიუხედავად მისი ზომისა და ჯიშისა, ქცევებში გამოყოლილი აქვს მგლის გენები. ძაღლი, რომელიც ცხოვრობს ოჯახში, მას აღიქვამს საკუთარ ხროვად. ხროვაში არსებობს იერარქია, სადაც ერთი წარმომადგენელი სხვებზე მაღლა დგას, პირდაპირი მნიშვნელობით, ის ლიდერია. რაც უფრო მაღალია ცხოველის პოზიცია იერარქიაში, მით მეტი უფლებები აქვს.

ლიდერი ჩვეულებრივ ცდილობს, დაამყაროს წესები და ხროვისგან ამ წესების შესრულებას (დომინანტობას) ითხოვს. ის ყოველთვის მიდის პირველი და სხვებსაც გაყოლას აიძულებს. იგი თვლის, რომ უფლება აქვს, ოჯახის სხვა წევრებს წაართვას საკვები. ხროვის წინამძღოლი არის ნებისმიერი წამოწყების, მათ შორის თამაშის, ნადირობის ინიციატორი. მას სძინავს სიმაღლეზე.

ეს ქცევები ძაღლს დაბადებიდან გენებში აქვს. ის განსაზღვრავს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს მისი ხროვა. ხროვაში ლიდერის მისწრაფება და წინამძღოლობა ყველა ძაღლს აქვს.

3. არასაკმარისი წვრთნა ბრძანებების შესასრულებლად

პატრონს გაუჭირდება ისეთი ძაღლის მართვა (აგრესიის გამოვლენისას), თუ ამ უკანასკნელს ლეკვობიდან არ ასწავლით ბრძანებების შესრულებას.

4. აგრესიის ხელშეწყობა

არაერთი პატრონი ძაღლის აგრესიის გადატანას ცდილობს სასუსნავით, მოფერებით, თამაშით და ა.შ.

5. დაგროვებული გამოცდილება

ჩვეულებრივ, ყოველი ჩხუბის შემდეგ ძაღლის აგრესია ძლიერდება.

6. არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა


ზოგიერთი პატრონი საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად, დღის განმავლობაში 20-30 წუთი სეირნობს. ამ დროს ძაღლი ფიზიკურ ვარჯიშს ვერ ასწრებს. დაგროვებულ ენერგიას კი აგრესიით ავლენს.

7. ტრავმები, რომელიც ძაღლმა წარსულში მიიღო და არასაკმარისი სოციალიზაცია

ა) სეირნობისას თქვენს ბინადარს თავს დაესხა სხვა ძაღლი და ძალიან შეაშინა; ბ) პატრონი ზოგიერთ ძაღლს ლეკვობაში არ აძლევს უფლებას ეთამაშოს და იმეგობროს სხვა ცხოველებთან.

8. არასაკმარისი დასჯა

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ თუ ძაღლს საკვების გარეშე დატოვებს ან აგრესიის გამოვლენისას დაარტყამს, ეს პრობლების გადაწყვეტაა. ჩვეულებრივ, ეს არ არის საკმარისი, ხოლო ფიზიკური დასჯით ძაღლი ორმაგად აგრესიული ხდება.

ძაღლის აგრესიის გამოსწორების მეთოდები:

1. აგრესიის შემთხვევაში აუცილებლად აჩვენეთ ძაღლი ვეტერინარს და ბოლომდე გამოიკვლიეთ. მაშინაც კი, თუ ის ჯანმრთელი გეჩვენებათ.

2. უნდა დაამტკიცოთ, რომ ხროვაში (ოჯახში) თქვენ ხართ ლიდერი. ამისათვის, უნდა შეასრულოთ შემდეგი წესები:

კარში ყოველთვის პირველი უნდა შეხვიდეთ და პირიქით, გამოხვიდეთ: გასვლის ან შესვლის წინ აუცილებლად შეჩერდით, გადადგით პირველი ნაბიჯი, მხოლოდ ამის შემდეგ დართეთ ძაღლს ნება, რომ კარიდან გავიდეს. ლიდერი ყოველთვის პირველი მიდის.

კიბეზე ყოველთვის პირველი უნდა ჩახვიდეთ ან ახვიდეთ. ძაღლი უნდა მოგყვებოდეთ გვერდით ან იყოს თქვენს უკან. არასოდეს დაუშვათ ის, რომ ძაღლი პირველი მირბოდეს თქვენს წინ, რადგან ლიდერი ყოველთვის წინ მიუძღვის თავისზე სუსტებს.

მოახდინეთ ძაღლის იგნორირება, თუ ითხოვს საკვებს, როდესაც სადილობთ. ჭამის დროს, შინაური ბინადარი არ უნდა იყოს პატრონის სიახლოვეს. სანამ ძაღლს მისცემთ საკვებს, აიღეთ მისი თასი ერთი ხელით და აჩვენეთ მას, ხოლო მეორე ხელში გეჭიროთ ნებისმიერი ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები (ორცხობილა, ვაშლი, კანფეტი) და მიირთვით თქვენი ოთხფეხა ბინადრის თვალწინ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მისთვის განკუთვნილი საკვები დაუდგათ, რადგან წინამძღოლი ყოველთვის პირველი მიირთმევს ნადავლს.

თუ ისვენებთ და ძაღლი გთხოვთ თამაშს ან მოფერებას, იგნორირება გაუკეთეთ. უთხარით მკაცრი ხმით "ფუ", როდესაც თავს დაგანებებთ, 1-2 წუთის შემდეგ მიუახლოვდით, შეაქეთ და ეთამაშეთ. აუცილებელია, რომ ლიდერი ყოველი ქმედების ინიციატორი  იყოს.

აუკრძალეთ ძაღლს საწოლზე ან  სავარძელზე ძილი. სიმაღლეზე მხოლოდ ხროვის ლიდერს ძინავს.

3. აუცილებლად ასწავლეთ ძაღლს მარტივი ბრძანებები.

თუ ძაღლმა იცის პირველივე ბრძანებაზე დამორჩილება, მისი მართვა შედარებით გამარტივდება.

4. აგრესიის გამოვლენის დროს, შეწყვიტეთ ძაღლის მოფერება, დამშვიდება და მისთვის სასუსნავების მიცემა.
მსგავს მოქმედებებს ძაღლი აღიქვამს, როგორც წახალისებას.

5. პრობლემის მოგვარებამდე ძაღლი ასეირნეთ მხოლოდ საბმელით, რადგან ის შესაძლოა სხვებისთვის საშიში იყოს და ყოველი ჩხუბი აგრესიის მაჩვენებელს გაზრდის.

6. ეცადეთ გაზარდოთ სეირნობის დრო.
მაგალითად დღეში 2 საათი.

7. ცხოველთა ფსიქოლოგები პრობლემის გამოსწორების პროცესში ძაღლის მოკლე საბმელით სეირნობას გირჩევენ.

მოკლე, კბილანებიანი საბმელით ძაღლი ვერ შეძლებს გაიწიოს, რადგან გაწევისას ყელსაბამი ეჭირება კისერზე. თუ ძაღლი გაიწევა, კისერი გვერდით მოეგრიხება და ასე სიარული გაუჭირდება. ამგვარად, გაგიმარტივდებათ ძაღლის კონტროლი.

8. დასჯის დროს საუკეთესო გამოსავალია გამოიყენოთ რაიმე არასასიამოვნო ხმა.

მაგალითად, რკინის ქილა ან პლასტმასის ბოთლის მაგიდაზე დარტყმა. (ცხოველი უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ნივთის აღების დროს ბრაზდებით მასზე და ამ ხმიანობით სჯით). არავითარ შემთხვევაში არ გაუსწორდეთ ფიზიკურად, რადგან იგი უფრო აგრესიული გახდება.

9. არასოდეს დასაჯოთ ძაღლი მიზეზის გარეშე ან დანაშაულიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. ამ მოქმედებამ შესაძლოა, ის მიიყვანოს არაპროგნოზირებად შედეგამდე. ამ დროს ძაღლი უბრალოდ ვერ იგებს, რისთვის დასაჯეს ის.

არ არსებობს ძაღლი, რომლის ქცევის გამოსწორებაც არ შეიძლება, თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემებთან არ არის კავშირში. ყველაფერი თქვენს ხელშია, რაც დროის ფაქტორზე, ცოდნასა და სურვილზეა დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ, აგრესია სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა, მოიტანოს ზიანი  და ტკივილი არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვის. მოსიყვარულე პატრონი ყოველთვის შეძლებს ამ პრობლემის გამოსწორებას, მთავარია მონდომება.

ასევე იხილეთ:

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს

ბრძანება "ჩემთან!"

ნევროზი ძაღლებში პატრონის ქცევებზეა დამოკიდებული


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?