სწორი წვრთნის საჭიროება
ლეკვებმა, ჩვეულებრივ, არ იციან ყეფა ან ტერიტორიის დაცვა. მაგრამ, როდესაც ძაღლები სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევენ, სხვაგვარად იქცევიან. ცალკეული ჯიშები უცნობების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, ამიტომ თავიდანვე სწორად უნდა გაიწვრთნან აგრესიის მოსათოკად.
წინასწარი გაფრთხილება
უცნობის შემოსვლას კარ-მიდამოში, ძაღლი პატრონზე გაცილებით ადრე იგებს, განსაკუთრებით დაბნელების შემდეგ. ამ დროს, იგი მოულოდნელად იწყებს ხმამაღალ ყეფას. შემოჭრილი ყოველთვის ადამიანი
გულადი ფინია
ჯეკ რასელ ტერიერი ცნობილია, როგორც ტერიტორიის და პატრონისთვის თავგამოდებული მცველი ჯიში. თუ ქუჩაში უცნობი მოგიახლოვდათ, შეიძლება, თქვენი დაცვაც კი სცადოს.
ცუდი ხასიათი
ბორდერ კოლი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ შეიძლება, ცუდად და ზოგჯერ, აგრესიულადაც იქცეოდეს, თუ საკმარისი ფიზიკური დატვირთვა არ ექნება.
ფუჭი მუქარა
ძაღლი ხვდება, როდესაც სტუმრად მოსულ ადამიანს არ მოსწონს იგი და ამიტომ შეშინების მიზნით, უყეფს, სახლის ნებისმიერი კუთხიდანაც კი. სინამდვილეში, ძაღლი ძალიან იშვიათად თუ მივარდება უცნობს. ასე შეიძლება მაშინ მოიქცეს, თუ ვიღაც სახლში შემოგეჭრათ და თავს დაგესხათ. საბოლოოდ, ძაღლი ეჩვევა სახლის ხშირ სტუმრებს, მაგალითად ფოსტალიონს, და მოკლედ შეჰყეფს, ზუსტად ისე, როგორც სახლთან მოახლოებულ ნებისმიერ ადამიანს, შემდეგ კი მათ მიმართ ინტერესს საერთოდ კარგავს.
საფოსტო ყუთის მძარცველი
ხშირად ძაღლებს არ მოსწონთ ნივთების, მაგალითად წერილების ან გაზეთების სახლში შემოყრა, კარში გაკეთებული სათანადო ჭრილიდან. როგორც კი გაიგონებენ ფოსტალიონის ნაბიჯებს, წამოხტებიან, მივარდებიან იატაკზე დაყრილ ფოსტას, პირს დასტაცებენ და აქეთ-იქით გამწარებით იქნევენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დამტარებელი - რეაქცია იგივე იქნება. თუ გარეთ არ გაქვთ საფოსტო ყუთი, შეგიძლიათ, კარზე მიამაგროთ ისე, რომ ძაღლი ვერ მისწვდეს. უარესი იქნება, თუ ფოსტას სახლში თქვენი არყოფნის დროს მოიტანენ, რადგან ძაღლის საქციელს ვეღარ გამოასწორებთ. ის შეიძლება, უფრო აგრესიული გახდეს და ყეფა განაგრძოს, რადგან ამით თავის ტერიტორიას იცავს. უპრიანია, შინიდან გასვლის წინ, ძაღლი ყოველთვის გამოკეტოთ იმ კარიდან შორს, სადაც ფოსტა მოაქვთ.
რჩევები
ყოველთვის მიზანშეწონილია უცნობებმა იცოდნენ, რომ ძაღლი გყავთ. ამისთვის ჭიშკარზე რაიმე ნიშანი დაკიდეთ. თუ ძაღლმა უცნობს ყეფა დაუწყო, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ, მაგალითად სათამაშო შესთავაზეთ.
თავის დაზღვევა
როდესაც ვინმე კარზე დააკაკუნებს, რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ჯერ ძაღლი ჩაკეტოთ სხვა ოთახში, სანამ სტუმრის მოსვლის მიზეზს გაარკვევთ. ძაღლი აღარც ყეფას დაუწყებს უცნობს, არც ქუჩაში გაიქცევა. მაგრამ, თუ სტუმრის სახლში შემოპატიჟებას აპირებთ, მაშინ აუცილებელია, პირიქით მოიქცეთ. თუ ძაღლს ჩაკეტავთ, ის გაბრაზდება და კარის ფხაჭნას დაიწყებს – გამოშვებას მოითხოვს, თანაც გაუთავებლად იყეფებს. გაცილებით უპრიანია, ჯერ დარწმუნდეთ, რომ სტუმარს ძაღლების არ ეშინია, შემდეგ კი თქვენს ოთხფეხა მეგობარს მასთან შეხვედრის ნება მისცეთ, თქვენივე მეთვალყურეობის ქვეშ. ცოტა ხანში, ძაღლი თავს დაგანებებთ.
ფრთხილად!
კასტრირებული ხვადები ნაკლებ აგრესიას ავლენენ უცნობების მიმართ. ეს პროცედურა მიზანშეწონილია ოდითგანვე მოდარაჯე ჯიშებად გამოყვანილი ძაღლებისთვის.
მასალა მომზადებულია "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის "რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა" მიხედვით