ახალი პროფესია - ძაღლის გამსეირნებელი
ახალი პროფესია - ძაღლის გამსეირნებელი
მე და ჩემი რესპონდენტი ა.პ., რომლის ვინაობას მისი თხოვნით არ ვამხელ და რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, წლების წინ ტელევიზიაში ერთად ვმუშაობდით : მე - ჟურნალისტად, მას კი ტელეკამერების პარკში უმნიშვნელო თანამდებობა ეკავა. მას შემდეგ, ალბათ, 10 წელიწადი გავიდა. ორიოდე კვირის წინ კი ქუჩაში შემხვდა და გამომეცნაურა. ყოფილი თანამშრომელი ძლივს ვიცანი - ვარჯიშს და ძვირად ღირებულ სამოსს რადიკალურად შეეცვალა.

როცა მისი საქმიანობით დავინტერესდი, მიპასუხა, უკვე წლებია, შეძლებული ოჯახების ძაღლებს ვასეირნებო. ვინაიდან მას ქართულად ლაპარაკი უჭირს, მეგონა, სიტყვა "გასეირნება" "წვრთნაში" შეეშალა და ვიფიქრე,
რომ ის შეძლებული ოჯახების ძაღლებს წვრთნიდა, მაგრამ როცა კითხვა გავუმეორე, ამიხსნა, რომ მისი მოვალეობა "მდიდარი
ხაზეინების" ძაღლების გასეირნება იყო და შემოსავალიც სწორედ აქედან ჰქონდა...

- რაკი შეძლებული თბილისელები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების გასეირნებას განდობენ, ალბათ, სოლიდური ჯამაგირიც გექნება...
- ბედს არ ვუჩივი, მყოფნის.

- ბევრია მსურველი, მისი ძაღლი ასეირნო?
- ახლა ექვსი ძაღლი მაბარია. ისე, ხანდახან მიკვირს, რისთვის უნდათ ეს ძაღლები. უმეტესად იმისთვის ყიდულობენ, ხალხმა რომ დაინახოს, როგორი ძვირად ღირებული და იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავთ. ხანდახან ეფერებიან კიდეც, მაგრამ არც ადარდებთ მათი არსებობა. ამ ხალხს ადამიანობა აქვთ დაკარგული, ძაღლებს კი - ძაღლობა, ისეთ ფუფუნებაში ამყოფებენ. ამ ძაღლებს მე უფრო ვუყვარვარ ვიდრე თავიანთი პატრონები. მარტო მათი გამოკვება ხომ არ არის მთავარი?! რომ შევდივარ სადარბაზოში, ფეხის ხმაზე მცნობენ და კართან მელოდებიან. სიხარულით ფეხებში მედებიან და ხელებს მილოკავენ. ასე პარტონებს არ ექცევიან.

- რამდენს გიხდიან, თუ საიდუმლო არ არის?
- გააჩნია მომსახურებას. თუ ძაღლს დღეში 10-20 წუთს ვასეირნებ - თვეში 120-150 ლარს მიხდიან, თუ უფრო მეტხანს - 200 ლარს. მერე ეს ძაღლები მწვრთნელთან მიმყავს. ხალხი გაკვირვებული მიყურებს, ყოველდღე სხვადასხვა ჯიშის ძაღლთან ერთად რომ დავსეირნობ ან დავრბივარ.

- სად ასეირნებ?
- ვაკელი კლიენტები მთხოვენ, მათი ძაღლები ვაკის პარკში ან კუს ტბაზე გავასეირნო. "პლეხანოველების" ძაღლებს კი სანაპიროზე ან მიმდებარე სკვერებში ვასეირნებ.

- მოვლაც გევალება?
- მხოლოდ დაბანა. თუ ძაღლს გაკრეჭა, სტომატოლოგი ან ბრჭყალების მოჭრა დასჭირდა, ვეტერინარიულ კლინიკებში მიჰყავთ.

- იქნებ რაიმე უცნაურ ამბავს მომიყვე ძაღლებისა და მათი პატრონების შესახებ...
- თავისთავად უცნაური არ არის, ძაღლების გამსეირნებელი რომ ვარ? ეს პროფესია მე მოვიგონე და შემოსავალიც მაქვს... მყავს კლიენტი ქალბატონი, რომელსაც არ ადარდებს თავისი ძაღლი და მე რომ არა, რიჩარდი (ძაღლს ჰქვია) შიმშილით მოკვდებოდა, მაგრამ იძულებულია, მოუაროს, რადგან ძმამ დაუტოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ქალი კი სავაჭრო ცენტრის მეპატრონეა. გათხოვებას არ ჩქარობს. დღისით სამსახურშია, ღამით - რესტორნებსა და ღამის კლუბებში... ერთ ოჯახში ძაღლის დაბანა მთხოვეს და რომ დავბანე, პატრონებმა ვერ იცნეს.

ისეთი მოუვლელი, ჭუჭყიანი და სუნიანი ძაღლი იყო, კინაღამ გული ამერია. ერთი საათის განმავლობაში ვაბანავებდი. თურმე დობერმანი ყოფილა, ყავისფერბეწვიანი, არადა, შავი დამხვდა, ტურტლიანი...

ისე, ვიცი, რომ ქალაქგარეთ ძაღლების სასტუმროა. როცა ცხოველების პატრონები თბილისიდან გადიან, დროებით იქ აბარებენ ძაღლებს. სასტუმროში ფასები, მომსახურების შესაბამისად,
სხვადასხვანაირია. არის განსაკუთრებული სერვისიც, შედარებით ძვირი: განსხვავებული კვება, მწვრთნელი, მასაჟისტი, აუზში ცურვა, განსაკუთრებული პირობები იმ ოთახში, სადაც ღამეს ათევს. გარდა ამისა, თუ ძაღლი ხვადია, ძუსთან შეხვედრის საშუალებაც ექნება.

- დაუჯერებელ რამეს ყვები...
- გინდ დაიჯერე, გინდ არა...

- შეიძლება ეს ამბავი გაზეთში დავწერო?
- (ხანმოკლე ფიქრის შემდეგ) დაწერე, ოღონდ ჩემს გვარს და სახელს ნუ მიუთითებ. არ მინდა, ვინმემ შემაწუხოს და საქმიანობაში ხელი შემიშალოს. მე ხომ არავის ვუშლი ხელს? ამ ძაღლების პატრონებს ხალხი ტელევიზორშიც ხედავს და არ მინდა, მათი ვინაობა ვინმემ შეიტყოს.


P.S. ინტერნეტში დიდხანს ვეძებე ინფორმაცია ძაღლის გამსეირნებლის პროფესიის შესახებ, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. ასე რომ, ჩემს ყოფილ თანამშრომელს შეუძლია, ახალი პროფესია დააპატენტოს.



გიორგი ბერიძე


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?