აცრა იცავს ჩვენს ბინადარს! - გვესაუბრება ვეტერინარი დავით ნანობაშვილი
აცრა იცავს ჩვენს ბინადარს! - გვესაუბრება ვეტერინარი დავით ნანობაშვილი
აცრა ცხოველების დაცვაა! ის სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენი ბინადრის ჯანმრთელობისთვის.

აცრებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობს ექიმი ვეტერინარი დავით ნანობაშვილი.

- რა არის აცრა?
- ეს არის ინაქტივირენული გამომწვევი, რომელიც ორგანიზმს აიძულებს, გამოიმუშაოს ანტისხეულები კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ. ახალი თაობის ვაქცინებში მკვდარი ვირუსია გამოყენებული, ხოლო ძველი თაობის ვაქცინებში - ცოცხალი. ცოცხალი ვაქცინის გამოყენებას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. პატრონებში გავრცელებული შიში, რომ ცოფის ვაქცინა ზრდას აჩერებს, სწორედ აქედან მოდის. ცოცხალი ვაქცინა უკვე დიდი ხანია, მოხმარებიდან ამოღებულია. მკვდარი ვაქცინა ზიანის მომტანი არ არის. დღეისათვის,
თუ ფლაკონებს დააკვირდებით, killed virus-ი აწერია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- რომელი აცრებია სავალდებულო?
- ცოფისა და კომპლექსური
(კომბინირებული).
- რომელი დაავადებებისგან იცავს კომბინირებული ვაქცინა?
- კომბინირებული ვაქცინა შეიცავს ვირუსულ ინფექციებს (ჭირი, ენტერიტი, ადენოვირუსი) და, ასევე, ბაქტერიულ ინფექციებს ლეპტოსპიროზის სახით. ზოგს დამატებული აქვს კორონავირუსული ენტერიტი, ჰეპატიტი და ა.შ.
კატების ვაქცინა შეიცავს რინოტრაქეიტს, კალცივირუსს, პანლეიკოპენიას და ზოგი -ქლამიდიოზს. კატებს იმდენი რამ ემართებათ, რომ ყველაფრისგან ვერ დაიცავ. კატებში ვირუსი მოვარჩინე, ცნება არ გამოიყენება. ბოლო ხანებში არავირუსიანი კატა არც მინახავს. მაგრამ აცრა მაინც საჭიროა, რომ რიგ დაავადებებზე მაინც დავიცვათ.
- რატომ არის მნიშვნელოვანი აცრამდე ცხოველი იყოს ჯანმრთელი?
- ინფიცირებული ცხოველის ორგანიზმს, რომელიც უკვე არსებულ ინფექციასთან ბრძოლითაა დაკავებული, აცრაზე სათანადო საპასუხო რეაქცია არ ექნება და მის მიერ საკმარისი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავება სათუო ხდება. ამასთან შესაძლოა, უკვე არსებული ინფექცია უფრო დავამძიმოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ვერ გაუძლებს გადატვირთვას. იგივე შეიძლება ითქვას ჭიებით ინვაზიის შემთხვევაშიც.
- რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე?
- აუცილებელია ცხოველის ჭიებზე დამუშავება. ლეკვებს 21-25 დღეს (კატებს დაახლოებით 1 თვიდან) უნდა მიეცეს ჭიის წამალი. რაც მალე მოხდება დეჰელმინთიზაცია, მით მალე იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია და, შესაბამისად, ცხოველი უფრო ადრე იქნება დაცული. თავადაც მოგეხსენებათ, დღეს თბილისში როგორი მდგომარეობაა ჭირისა და ენტერიტის მხრივ.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. ბალანსირებული კვება არაა ძვლები, ნახარში და პური, რაც გავრცელებული აზრია და არამარტო თბილისში. საჭიროა სპეციალიზირებული საკვები ან, როგორც ალტერნატივა, ფაფა-ხორცი.
გარდა ამისა, აცრამდე ცხოველის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს: კუჭი აშლილი არ არის, ცხოველი კარგ ხასიათზეა, ტემპერატურა კონტროლდება, სულ მცირე, ბოლო 2 დღის განმავლობაში. ძაღლებში დასაშვებია ტემპერატურა 390 C-მდე აღწევდეს. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ წელიწადის ცხელ პერიოდში ხშირია გადახურება. ლეკვი 15 წუთი მზეზე რომ გავაჩეროთ, შეიძლება თერმომეტრმა 39, 80 C გიჩვენოს. ეს რეალური მაჩვენებელი არ იქნება. ამიტომ შეგვყავს ჩრდილში, ვასმევთ წყალს და ვაცლით 15 წუთს, რომ დაისვენოს და მხოლოდ ამის შემდეგ ხელახლა გავუზომავთ სიცხეს.
- რა ასაკიდან იწყება აცრა და როგორია აცრების შემდეგი სქემა?
- ყველა ვაქცინას თავისი სქემა და თავისი საწყისი ასაკი აქვს. ყველაზე ადრე, 6 კვირიდან იწყება. ვაქცინებს შორის ინტერვალი, ასევე, მწარმოებელზეა დამოკიდებული. მაგალითად, ევროპულ ვაქცინებს ინტერვალი 3-4 კვირა აქვთ, 2 კვირა უწერიათ ჩეხურ და რუსულ ვაქცინებს. ჩვენ ვაქცინაციას ვაკეთებთ 3-ჯერ.
- რატომ 3-ჯერ, როდესაც ინსტრუქციაში 2-ჯერ უწერია?
- გააჩნია ვაქცინაციის დაწყების თარიღს. ამერიკული ვაქცინის შემთხვევაში, მაგალითად, ინსტრუქციის მიხედვით, თუ ვაქცინაციას 2 თვიდან იწყებ, მაშინ 2-ჯერადად კეთდება, ხოლო თუ 1,5 თვის ასაკიდან იწყებ - 3-ჯერადად. ფრანგულ და ჰოლანდიურ ვაქცინას უწერია მხოლოდ 2-ჯერადი ვაქცინაცია. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ეს ვაქცინები ჩამოსულია „წესიერი“ ქვეყნებიდან, სადაც ეს ინფექციები არ აქვთ. ჩვენ უცხოელ სტუმრებს, იგივე დიდი ბრიტანეთიდან, ჭირი რომ დაინახეს, გაუხარდათ. მათ შეხება არ აქვთ და, შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინა იქ მუშაობს. ანალოგიურადაა უკრაინაში. ჩვენ შემთხვევაში, ორმაგმა ვაქცინაციამ გაატარა. ამიტომ ჩვენ თავს ვიზღვევთ და ვაკეთებთ 3-ჯერ. უფრო მეტი დაზღვევაა და ამით ცხოველს ზიანი არ ადგება.
- მაგრამ თუ 2-ჯერადი ვაქცინაცია იწვევს ცხოველის სენსიბილიზაციას, რა დანიშნულება აქვს ვაქცინის მესამეჯერ გაკეთებას?
- რა საშუალებით დავადგინო, მოხდა თუ არა სენსიბილიზაცია? მაშინ უნდა ავუღო სისხლი, გავაგზავნო ლაბორატორიაში და ვნახო, ანტისხეულების ტიტრი ნორმის ფარგლებშია, თუ - არა. დამიჯერეთ, ეს გაცილებით ძვირი დაჯდება და დროის დაკარგვაც არის. ჩემი მწარე გამოცდილებით გეტყვით, რომ ორი ვაქცინა ჩვენს პირობებში საკმარისი არ არის.
სანდო ბრენდის ვაქცინით სამმაგი ვაქცინაციით, როგორ წესი, ცხოველი გაცილებით დაცულია. თუმცა გამონაკლისიც გვქონია: ლეკვი, რომელიც 3-ჯერ იყო აცრილი ცნობილი ბრენდით, დაიღუპა. მაგრამ როცა პასპორტში ჩავიხედე, აღმოჩნდა, რომ აცრები გაკეთებული ჰქონია 2 თვეში ერთხელ ანუ სქემა არეული იყო. როგორც ჩანს, პატრონი მაშინ ცრიდა, როცა თანხა ჰქონდა.
ამასთან, ლიტერატურაში აღწერილია შემთხვევები, როცა კონკრეტული ცხოველი ვაქცინაციას ანტისხეულების გამომუშავებით არ პასუხობს, ანუ ვაქცინა არ მუშაობს. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ცუდია. ამ დროს რომელი ვაქცინითაც არ უნდა ავცრათ, არ იმუშავებს.
- შეიძლება ცოფის და კომბინირებული ვაქცინის ერთდროულად გაკეთება?
- როგორ წესი, ჩვენ ვაკეთებთ მესამე კომბინირებული ვაქცინა + ცოფი, თუ ლეკვის ასაკი აღემატება 3 თვეს. მაგრამ ეს მხოლოდ საშუალო ან დიდ ჯიშებს ეხება, პატარა ჯიშებში, მაგალითად, ჩიხუახუა, თოი-ტერიერი, შპიცი და ა. შ., ასეთ კომბინაციას ვერიდები.
- რატომ არ შეიძლება უფრო პატარა ასაკის ლეკვების/კნუტების აცრა?
- ჯერ ერთი, მათ სისხლში აქვთ დედის ანტისხეულები და, ამასთან, მათი იმუნური სისტემა საპასუხოდ ჯერ მზად არ არის.
- რა როლი აქვთ Puppy ვაქცინებს?
- საქართველოში ნელ-ნელა ინერგება Puppy ვაქცინის გამოყენების პრაქტიკა და, პირადად მე, ამის ძალიან მომხრე ვარ. თუ ლეკვი დეჰელმინთიზირებულია, 1 თვის ასაკში კეთდება Puppy ვაქცინა, ხოლო 1,5 ასაკში უკვე ზრდასრულის ვაქცინას ვაკეთებთ. ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ერთ Puppy ვაქცინას და 2 ზრდასრულის ვაქცინას. ასე, ჭირი და ენტერიტი 3-ჯერ მეორდება. Puppy ვაქცინის გამოყენება ცოტა სადავო თემაა, მაგრამ პრაქტიკიდან გეტყვით, რომ არ გაუტარებია. ასეთი სქემის დროს, ლეკვი უფრო ადრე ხდება დაცული, თუმცა, გარეთ გაყვანა მხოლოდ მეორე ვაქცინის შემდეგ შეიძლება.
- კიდევ რა დაავადებებია გავრცელებული საქართველოში, რომელთა წინააღმდეგ აცრა არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, არ კეთდება?
- პირველ რიგში, ლეიშმანიოზის აცრა. მწარმოებელმა ვაქცინის მოწოდებაზე პატარა ბაზრის გამო უარი გვითხრა. საკმაოდ ძვირადღირებულია და ეფექტურობის მაჩვენებელი 70%-ია, მაგრამ როცა ლეიშმანიოზზეა საუბარი... არ შეიძლება ლეიშმანიოზზე თქვა, რომ დიაგნოზია, ეს უფრო განაჩენია. ლეიშმანიოზის განკურნების შემთხვევები ძალზედ იშვიათია.
ბაბელიოზები, რომლებიც ტკიპებს გადააქვს. ზოგადად, საქართველოში ძალიან ბევრი ვაქცინა არ შემოდის ისევ და ისევ პატარა ბაზრის გამო.
- რა გართულებები ან გვერდითი მოქმედება აქვს აცრას?
- ალერგიული რეაქციები. თავის დასაზღვევად ანტიჰისტამინების გამოყენება შეგვიმცირებს ალერგიის განვითარების ალბათობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პატარა ლეკვებში თავად იწვევს ღებინებას. როგორც წესი, ალერგიის მიზეზი თვითონ ვაქცინაში კი არა, არამედ კონსერვანტშია. ამიტომ სხვა მწარმოებლის ვაქცინის გამოყენებამ შესაძლოა, რეაქცია არ მისცეს.
ასევე, აცრამ, მიუხედავად კარანტინისა, შესაძლოა, ორგანიზმში უკვე არსებული ინფექცია დააჩქაროს. ამ მხრივ ყველაზე კარგი თავის დაზღვევა 2-კვირიანი კარანტინი იქნება.
გარდა ამისა, ხანდახან კანქვეშა ინექციების ადგილას კისტები ვითარდება, რომელიც შეიძლება, თავისით გაიწოვოს ან დარჩეს. ეს კატებში უფრო ხშირია. თუ კისტა არ გაიწოვა, ვჭრით, რომ მომავალში არ გადაგვარდეს.
- რამდენად დაცულია აცრილი ცხოველი?
კარგი ბრენდის შემთხვევაში 99.9%.
- რა განსხვავებებია სხვადასხვა ფასის ვაქცინებში?
- ყველა მწარმოებელი თავის ფასს ადგენს. რაც უფრო ცნობილი და სანდო ბრენდია, მით უფრო ძვირი ღირს ვაქცინა. ვიტყოდი, რომ ეკონომია ვაქცინაზე არ ღირს.
- რა არის შრატის დანიშნულება? როდის და რა სქემით უნდა გამოვიყენოთ შრატი?
- შრატის არსი იმაშია, რომ მზა ანტისხეულები მივაწოდოთ კონკრეტულ დაავადებასთან საბრძოლველად ანუ მზა ჯარისკაცებს ვაწვდით ორგანიზმს. შრატის ეფექტურობა პირადად ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის, ძალიან სათუოა. გამოიყენება პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. მკურნალობის დასაწყისში უფრო ეფექტურია, ვიდრე შემდგომ. მიუხედავად ჩემი უნდობლობისა, ვხელმძღვანელობ პრინციპით, რომ სულ არაფერს, ჯობს, გააკეთო. კეთდება 3-ჯერადად 12-საათიანი ინტერვალებით, დოზის მიხედვით. ანალოგიურად, სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა დოზირება აქვს.
- შეიძლება თუ არა თავშესაფრიდან, სადაც ინფექციური დაავადებებით ინფიცირების მეტი შანსი არსებობს, ახლად გამოყვანილი ცხოველის აცრა?
- ქუჩიდან ან თავშესაფრიდან ცხოველის აყვანისას, სასურველია, მაშინვე გავაკეთოთ შრატები ზემოთ ნახსენები სქემით და 14-დღიანი კარანტინი აბსოლუტურ იზოლაციაში გარე სამყაროდან. თუ ამ პერიოდში კლინიკური ნიშნები არ გამომჟღავნდა, კეთდება ვაქცინაცია. 14-დღიანი კარანტინი სავსებით საკმარისია ინფიცირების კლინიკური ნიშნების გამოსავლენად, რადგან ცხოველის კარგ პირობებში მოხვედრისას ის უფრო მალე მჟღავნდება: ორგანიზმი ეშვება, რადგან გადარჩენისათვის ბრძოლა აღარ უწევს.
- ცოფზე აცრილი ცხოველის მიერ დაკბენის/დადორბლის შემთხვევაში, არსებობს თუ არა ადამიანის ან სხვა ცხოველის ცოფით ინფიცირების რისკი?
- კარგი კითხვაა, რადგან მაგ კითხვით ძალიან ხშირად მირეკავენ. ცოფის ვაქცინის ეფექტურობა 99,9%-ია, მაგრამ რჩება 0,01% იმისა, რომ ძაღლს ანტისხეულები არ ჰქონდა და ის დაავადდეს. ვინ აიღებს თავის თავზე ამ რისკს?
- ვეტერინარული იმუნოლოგები რონალდ შულცი (University of Wisconsin) და ტომ ფილიპსი (Scrips Research Institute) „თანამედროვე ვეტერინარულ თერაპიაში“ (Current Veterinary Therapy) შემდეგ აზრს გამოთქვამენ:
„ყოველწლიური ვაქცინაცია ეს არის პრაქტიკა, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო და იგი რაიმე მეცნიერულ საფუძველს ან მტკიცებულებას მოკლებულია. ყოველწლიურ ვაქცინაციაში რაიმე იმუნოლოგიური საჭიროება პრაქტიკულად არ არსებობს. ვირუსების მიმართ იმუნიტეტი ცხოველებში სიცოცხლის მრავალი წლის განმავლობაში ნარჩუნდება.“

(A practice that was started many years ago and that lacks scientific validity or verification is annual revaccination. Almost without exception there is no immunologic requirement for annual revaccination. Immunity to viruses persists for years in the life of the animal.)
გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, ვირუსული ინფექციებით, ძირითადად, ახალგაზრდა ცხოველები ავადდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რა აზრი აქვს ცხოველის ყოველწლიურ აცრას?
- ამ საკითხზე აზრი გაყოფილია ორად. მე ჩემი პრაქტიკიდან გიპასუხებთ: ამჟამად 4 ძაღლი მყავს ინფიცირებული, რომლებიც 4 წლის ზევით ასაკის არიან. ლეკვობაში აცრილები იყვნენ და რევაქცინაციაც გაკეთებული ჰქონდათ, ბოლო 2 წელი არ იყვნენ ვაქცინირებული. გამოყენებული იყო ცნობილი ბრენდის ვაქცინა. თუ ეს ინფორმაცია სწორია, დავიჯერო ის მილიონში ერთი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ანტისხეულებს? მე მაინც აცრის მომხრე ვარ. თუმცა, არსებობს ალტერნატივა - ავუღოთ სისხლი და მასში ანტისხეულების რაოდენობა გავზომოთ.


ნატალია სლეპაკოვა სპეციალურად ZooClub.ge-სთვის

- რამდენად დაცულია აცრილი ცხოველი?

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE
Lekvi
რა კარგი სურათია, ალბად აცრის ეშინია, ყველამ უნდა იცოდეს ვისაც ლეკვი ჰყავს რომ აცრების გარეშე ძაღლის ჰყოლა შეუძლებელია
Minichan
აცრა აუცილებელი და გადაუდებელია.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?